

“მუსიკა კაცობრიობის უნივერსალური ენაა” - ეს ფრაზა ალბათ ერთხელ მაინც გსმენიათ ცხოვრებაში და ადვილია დაეთანხმო კიდეც ამ პათოსს, რადგან ყველა იმ საოცარ აღმოჩენას შორის, რაც ადამიანს ამ პლანეტაზე გაუკეთებია, მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე უნიკალურია. სიტყვა „აღმოჩენა“ შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან მუსიკას ადამიანების მიერ გამოგონება არასდროს სჭირდებოდა - ის ყოველთვის არსებობდა ბუნებაში. შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი სამყარო თავისთავად მუსიკაა, ჩვენ კი, ადამიანებს, მისი დანახვა და აღმოჩენა გვჭირდება. ამ პროცესში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ სივრცეებსა და ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს ბუნებასთან ჰარმონიისა და ბალანსის ძიებაში ეხმარებიან.
„Starring Georgia-ს“ ეკოსისტემის ყველაზე ფილოსოფიური და საზოგადოებაზე ორიენტირებული ნაწილი სწორედ „სოციალური სივრცეა“. ეს არის ადგილი მათთვის, ვინც მუდმივად ახალ შთაბეჭდილებებსა და აღმოჩენებს ეძებს, მათთვის, ვისი მოგზაურობაც არასდროს სრულდება. ამ გზაზე კი ბუნების მოსმენა, სამყაროსთან ჰარმონიული ბალანსი და ეკოლოგიური ცნობიერებით ცხოვრება ფუნდამენტური საკითხი ხდება.
შესაბამისად, პირველივე დღიდან “სოციალური სივრცის” მისია გახდა ადამიანების გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო, რაც ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს. ამ ტექსტში სწორედ ამ იდეის მიღმა არსებულ ისტორიულ ფესვებს მიმოვიხილავთ: გაგაცნობთ პროექტის ეკო-დიზაინს, მის ოთხ უნიკალურ კონცეპტუალურ სივრცეს და იმ გასტრონომიულ შეთავაზებებს, რომლებიც უძველეს მითებს შეკვეთილის ულამაზეს გარემოში აცოცხლებს.
გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა „სოციალური სივრცეა“, ოდესღაც ზღვის სანაპირო იყო. აქ ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ჩამოსული მოგზაურები იკრიბებოდნენ და ტალღებისგან მოსმენილ ლეგენდებს ადამიანებს უყვებოდნენ. ასე გროვდებოდა ცოდნა, რომელიც წლების მანძილზე ადამიანებს შორის ზიარდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. სწორედ ამ ტრადიციის შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად შეიქმნა „სოციალური სივრცე“ - ადგილი, სადაც უძველესი მითები თანამედროვე ეკო-ფილოსოფიას უერთდება.
ცხადია, სხვადასხვა საუკუნესა და ეპოქას განსხვავებული გამოწვევები აქვს, რის გამოც სამყაროსთან ურთიერთობის ფორმებიც იცვლება. თუმცა, ადამიანის სწრაფვა თვითგანვითარებისა და ახალი გამოცდილებების მიღებისკენ მუდამ უცვლელი რჩება. ამ გამოცდილებების მისაღებად კი „სოციალურ სივრცეს“ რამდენიმე მიმართულება აქვს, რომლებიც ბალანსის, განტვირთვის, შემეცნებისა და ერთი იდეის ირგვლივ სოციუმის შეკრების მიზანს ემსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ სივრცის მიზნები და ამოცანები სხვადასხვა სასარგებლო ინიციატივას მოიცავს, ყველაზე მთავარი მაინც გარემოზე ზრუნვისა და ბუნებასთან ჰარმონიის ელემენტია. ამის დანახვა ერთი შეხედვითაც ძალიან ადვილია, რადგან როგორც „სოციალური სივრცის“ ექსტერიერი, ისე მისი ინტერიერი და ღონისძიებები ამ იდეით არის გაჟღენთილი.
მისი დიზაინერული ჩანაფიქრიც კი ბუნებრივ სილამაზესთან მიახლოების იდეას ემსახურება. ცხადია, ადამიანისთვის ბუნების იმიტაცია რთულია, თუმცა გადამწყვეტია ეკომეგობრული მიდგომების დანერგვა, რის გამოც „სოციალური სივრცე“ მთლიანად გადამუშავებული ხის მასალისგან არის აგებული.
გადამუშავებული თუ ბუნებრივი მასალების გამოყენება არ ყოფილა მხოლოდ ფასადზე ან ესთეტიკაზე ზრუნვის საკითხი - Starring Georgia-ს გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ კუთხით კომპრომისი არ დაშვებულიყო და ბუნებისთვის ზიანის მიყენება მაქსიმალურად აგვერიდებინა თავიდან.



