SG
[ ყველა ბლოგზე დაბრუნება ]

მუსიკოსთა პარკი: კულტურის ხიდი ქართველ და მსოფლიო ლეგენდებს შორის

„მუსიკოსთა პარკი“ ბლექ სი არენას ტერიტორიაზე, 21 ჰექტარზე გაშენებულ რეკრეაციულ ზონას მოიცავს. ეს არის არტ-სივრცე, სადაც უნიკალური ჯიშის მრავალწლიანი მცენარეები, მყუდრო ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები ერთიან ეკოსისტემას ქმნის. თუმცა, პარკის მთავარი ხიბლი მის მულტიფუნქციურობაშია: აქ განთავსებული სამი ღია სცენა და „სოციალური სივრცე“ საშუალებას იძლევა, რომ ბუნების წიაღში სხვადასხვა მასშტაბის პერფორმანსები და კულტურული ღონისძიებები გაიმართოს.
latest-blog-image
გააზიარეთ: Facebook

როდესაც Starring Georgia-ს ეკოსისტემაზე ვსაუბრობთ, თვალწინ ძირითადად მასშტაბური სახელოვნებო სივრცეები და საკონცერტო გამოცდილება წარმოგვიდგება. თუმცა, შავი ზღვის პირას არსებული „მუსიკოსთა პარკი“ ნამდვილად ის გამონაკლისია, სადაც ხელოვნება, დასვენება და ბუნებასთან ახლო კავშირი ერთ სივრცეში ერთიანდება.

„მუსიკოსთა პარკი“ ბლექ სი არენას ტერიტორიაზე, 21 ჰექტარზე გაშენებულ რეკრეაციულ ზონას მოიცავს. ეს არის არტ-სივრცე, სადაც უნიკალური ჯიშის მრავალწლიანი მცენარეები, მყუდრო ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები ერთიან ეკოსისტემას ქმნის. თუმცა, პარკის მთავარი ხიბლი მის მულტიფუნქციურობაშია: აქ განთავსებული სამი ღია სცენა და „სოციალური სივრცე“ საშუალებას იძლევა, რომ ბუნების წიაღში სხვადასხვა მასშტაბის პერფორმანსები და კულტურული ღონისძიებები გაიმართოს.

პარკის გულს წარმოადგენს სპეციალური სკვერი, სადაც ქართველი და მსოფლიო მუსიკალური ლეგენდების ძეგლებია აღმართული. თითოეული სკულპტურა უფრო მეტია, ვიდრე დროში გაყინული ხელოვნება - პარკის სტუმრებისთვის მათთან მიახლოება არის ინტერაქტიული გამოცდილება, რომელიც საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ დავათვალიეროთ, არამედ მოვუსმინოთ კიდეც ხელოვნების შედევრებს.

ერთი შეხედვით შესამჩნევი სიკეთეებისა და იმ ბენეფიტების მიღმა, რასაც პარკი ვიზიტორებს სთავაზობს, მისი კონცეფცია კიდევ ბევრ საინტერესო დეტალსა და იდეას მოიცავს. ამ ტექსტის მიზანი ამ ყველაფრის კიდევ უფრო ახლოს გაცნობაა.

 

blog-sponsor-image-mobile

მუსიკის ისტორია ღია ცის ქვეშ

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ სკულპტურების შექმნის მთავარი იდეა სწორედ იმ მუსიკალური ისტორიების გაცოცხლება იყო, რომლებიც მათმა ავტორებმა შექმნეს. სწორედ ამიტომ, ყველა ქანდაკება, რომელიც მუსიკოსთა პარკში შეგხვდებათ, არა მხოლოდ ვიზუალურ მასალას კი არ წარმოადგენს, არამედ გვაცნობს მუსიკას და გვაწვდის მულტიმედიურ ინფორმაციას თავად ავტორის შესახებ. ეს მიდგომა შემთხვევითი არ არის - კონტექსტისა და ისტორიული წინაპირობის გააზრების გარეშე, შეუძლებელია ხელოვნების ნიმუშის სრულყოფილად აღქმა.

ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარკს თავისი საგანმანათლებლო ფუნქცია ძალიან საინტერესოდ აქვს გათავისებული. ეს არის სივრცე, სადაც ერთიანი ეკოსისტემის ფარგლებში შეგვიძლია გავეცნოთ მუსიკოსებს, მოვუსმინოთ მათ შემოქმედებას და ვეზიაროთ იმ ისტორიას, რომელიც ხელოვნების ამ უნივერსალურ ენას თაობებს უნარჩუნებს.

ქართული მუსიკის გმირები და ფუძემდებლები

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუსიკოსთა პარკი ადგილს უთმობს როგორც ქართული ოპერის პიონერებსა და ფოლკლორის ლეგენდებს, ისე მსოფლიო პოპულარული მუსიკის გიგანტებს. ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომლის სკულპტურასაც აქ შეხვდებით, ფოლკლორისტი ფილიმონ ქორიძეა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფილიმონ ქორიძე იყო პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი და ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური სიმღერა-გალობის თავმოყრის, ჩაწერისა და გავრცელების საქმეში. 1864–1872 წლებში ის ვოკალურ ხელოვნებას მილანში, ფ. რონკონისთან დაეუფლა. იმავე პერიოდში ქორიძე „ლა სკალას“ აუდიტორიის წინაშეც რამდენჯერმე წარდგა და იტალიური პრესის დიდი აღიარებაც დაიმსახურა. 1893 წელს იგი საგალობლების ჩასაწერად ოზურგეთში გაემგზავრა, სადაც წელიწადზე მეტხანს დარჩა და 12 ვრცელი ალბომი შეადგინა, რომლებიც ჯამში 5532 საგალობელს მოიცავდა. ფილიმონ ქორიძე პირველი ქართველი მუსიკოსია, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. მისი ფასდაუდებელი ხელნაწერები დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

აქვე ვხვდებით ქართული საოპერო ხელოვნების კიდევ ერთ კორიფეს, „საქართველოს ბულბულად“ აღიარებულ მომღერალს - ვანო სარაჯიშვილს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ის თანაბარი ოსტატობით ასრულებდა როგორც ქართველი და რუსი კომპოზიტორების რომანსებს, ისე ქართულ ხალხურსა და ნეაპოლურ სიმღერებს. მისი ნიჭი ქვეყნის საზღვრებს ადვილად გასცდა: 1903 წელს ახალგაზრდა მომღერალი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც მისი დებიუტი ჯ. ვერდის ოპერა „ტრავიატაში“ შედგა. პარალელურად, კასტელანოს ხელმძღვანელობით, სარაჯიშვილი იტალიაში ბელკანტოს ხელოვნებას ეუფლებოდა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამოდიოდა. ვანო სარაჯიშვილი ქართული პროფესიული ვოკალის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. სწორედ მისი დიდი ღვაწლის დამსახურებაა, რომ 1947 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მისი სახელი მიენიჭა.

გურიის რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ხელოვანი - ვიქტორ დოლიძე. ის 1890 წელს ოზურგეთში დაიბადა და მუსიკოსთა პარკი მისი სკულპტურის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. დოლიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოპერას „ქეთო და კოტე“, რომელიც ქართული კომიკური ოპერის კლასიკური ნიმუშია. მისი პირველი წარმოდგენა 1919 წლის 11 დეკემბერს გაიმართა და მას შემდეგ ნაწარმოები უცვლელი წარმატებით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ 1937 წელს ეს ოპერა მოსკოვში გამართულ საქართველოს ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე წარადგინეს, მოგვიანებით კი არაერთი ქვეყნის საოპერო თეატრის სცენა დაიპყრო. სწორედ ვიქტორ დოლიძის შედევრის მიხედვით შეიქმნა მხატვრული ფილმი „ქეთო და კოტე“, რომელიც ქართული კინემატოგრაფიის ოქროს ფონდშია დაცული.

კლასიკოსებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით რევაზ ლაღიძეს - კომპოზიტორს, რომლის „თბილისო“ დღემდე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად რჩება. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბაღდათში დაბადებული კომპოზიტორი ერთნაირი წარმატებით მუშაობდა სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში. თავდაპირველად რევაზ ლაღიძე სიმფონიურ ორკესტრებში ვიოლინოზე უკრავდა, მოგვიანებით კი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრას ჩაუდგა სათავე და ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.

მუსიკოსთა პარკის კიდევ ერთი გამორჩეული „მასპინძელი“ გამოჩენილი ქართველი დირიჟორი, კომპოზიტორი და მომღერალი ჯანსუღ კახიძეა. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოღვაწეობას კინოსა და თეატრში, სადაც მან არაერთი უკვდავი მელოდია შექმნა. 1957 წელს მან, პირველად საქართველოში, ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა“, რასაც მოჰყვა მისი ძალიან პროდუქტიული პერიოდი საკომპოზიტორო კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსუღ კახიძე თავის თავს უპირველეს ყოვლისა დირიჟორად თვლიდა, მისმა სიმღერებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მისი, როგორც მრავალმხრივი მუსიკოსის, ჩამოყალიბებაზე.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს ხმად აღიარებული ლეგენდარული მომღერალი - ჰამლეტ გონაშვილი. ბევრმა არ იცის, რომ მისი განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას რექტორმა მიხეილ კვესელავამ აღმოაჩინა. 1953 წელს ის საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი გახდა, ხოლო 1969 წლიდან ანსამბლ „რუსთავს“ შეუერთდა. ანსამბლის რეპერტუარი ხშირად სწორედ ჰამლეტის პერსონაზე იყო აწყობილი, რადგან მისი განუმეორებელი ხმის ტემბრი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. დღეს ჰამლეტ გონაშვილის ხმა კიდევ უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ - უცხოელი რეჟისორები მის „ურმულსა“ და „ოროველას“ ხშირად იყენებენ კინოფილმებსა თუ მასობრივ სანახაობებში, როგორც ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას.

blog-info-horizontal-image

მსოფლიო მუსიკალური ლეგენდები და გლობალური მასშტაბი

ერთ-ერთი პირველი ქანდაკება, რომელიც პარკში შესვლისას გვეგებება, იოჰან სებასტიან ბახს ეკუთვნის. ბაროკოს ეპოქის გერმანელი ხელოვანი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორად მიიჩნევა. მისი შემოქმედება ყველაზე მეტად ცნობილია ისეთი ინსტრუმენტული კომპოზიციებით, როგორიცაა „ფუგის ხელოვნება“, „ბრანდენბურგის კონცერტები“ და „გოლდბერგის ვარიაციები“. ასევე, უდიდესი მნიშვნელობისაა მისი ვოკალური ნაწარმოებები, მათ შორის, „მათეს პასიონი“ და „მესა სი-მინორი“.

ბახი, რომელიც პოლიფონიური მუსიკის მწვერვალად მიიჩნევა, აგვირგვინებს შუა საუკუნეების შემდგომი ეპოქის მუსიკალურ ხელოვნებას და, ამავდროულად, დასაბამს აძლევს სრულიად ახალ მიმართულებებს. მისი ფიგურა პარკის შესასვლელში სიმბოლურია - ის არის საფუძველი, რომელზეც დაშენდა მთელი მომდევნო საუკუნეების მუსიკალური აზროვნება.

პარკის სტუმრებს განსაკუთრებით უყვართ ყველა დროის უდიდესი ტენორის, ლუჩიანო პავაროტის სკულპტურის ხილვაც. ის სამართლიანად მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საოპერო მომღერალად, რომლის შემოქმედებაც პოპულარული მუსიკის სამყაროშიც კი განსაკუთრებით დაფასებულია.

მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეტაპია პროექტი „სამი ტენორი“, რომელიც პლასიდო დომინგოსთან და ხოსე კარერასთან ერთად შექმნა. სწორედ ამ ტრიოს ხვდა წილად პატივი, გაეხსნა 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იტალიაში. პავაროტიმ სახელი ასევე გაითქვა თავისი საქველმოქმედო საქმიანობითა და „წითელ ჯვართან“ თანამშრომლობით, რითაც ის სხვადასხვა ქვეყნის ლტოლვილებს ეხმარებოდა.

მისი მოღვაწეობის უკანასკნელი წლები მჭიდროდ უკავშირდება პროექტს „Pavarotti and Friends“, სადაც ის სხვადასხვა ჟანრის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად გამოდიოდა. მუსიკალური კარიერის განმავლობაში ლუჩიანო პავაროტიმ ექვსი „გრემის“ ჯილდო მოიპოვა, რაც მის უდიდეს პროფესიულ აღიარებაზე მეტყველებს.

პოპულარული მუსიკის მოყვარულებს პარკში თავიანთი კუმირების ხილვაც შეუძლიათ და ამ სიაში პირველი, რა თქმა უნდა, The Beatles არის. ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის შემადგენლობით, ლივერპულელმა ოთხეულმა სულ რაღაც ერთ დეკადაში მუსიკალურ სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

50-იანი წლების როკ-ენ-როლის გავლენით ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა თანდათან საკუთარი რეპერტუარი ფსიქოდელიური ჟღერადობითა და როკ-მუსიკის ელემენტებით გაამდიდრა, რითაც საფუძველი ჩაუყარა ახალ კულტურულ ფენომენს - „ბიტლომანიას“.

ჯამში, The Beatles-ის კატალოგი 13 სტუდიურ ალბომსა და უამრავ კომპილაციურ ჩანაწერს მოიცავს, რომლებმაც პოპულარული მუსიკის განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონიეს. 2013 წლის მონაცემებით, ბენდმა 800 მილიონზე მეტი ციფრული და ფიზიკური ჩანაწერი გაყიდა, რაც მას ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ჯგუფად აქცევს. აღსანიშნავია, რომ UNESCO-ს ინიციატივით, ყოველი წლის 16 იანვარს მსოფლიო „ბიტლზის დღეს“ აღნიშნავს.

თუ თქვენი გემოვნება ჯაზისკენ უფრო იხრება, მაშინ ბუნებრივია, რომ პირველად ლუი ამსტრონგის სკულპტურისკენ გაგიწევთ გული. მისი შემოქმედებითი საქმიანობა ხუთ ათწლეულს მოიცავს და დროის ეს მონაკვეთი ჯაზის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პერიოდად მიიჩნევა.

ლუი არმსტრონგი ჯაზის დედაქალაქად წოდებულ ნიუ-ორლეანში დაიბადა და გაიზარდა, მუსიკალურ სცენაზე კი აქტიურად 1920-იანი წლებიდან გამოჩნდა. განსაკუთრებული ნიჭისა და სასცენო ქარიზმის დამსახურებით, მას სცენაზე თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია. უფრო მეტიც, ის თავისი თაობის მთავარი მუსიკალური ფიგურა გახდა, რომელმაც ჯაზის მომავალი სამუდამოდ განსაზღვრა.

განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის იქცევდა ამსტრონგის იმპროვიზაციული ნიჭი და უბადლო საშემსრულებლო ტექნიკა. მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ შეუწყვეტია მუსიკასთან ურთიერთობა, მისი კონცერტები კი მსმენელისთვის ყოველთვის ნამდვილ დღესასწაულს წარმოადგენდა.

თუ ამერიკული მუსიკის „ოქროს ხანის“ არტისტები გაინტერესებთ, მაშინ ფრენკ სინატრას სკულპტურა პირველია, რომელიც უნდა მოინახულოთ. ის არა მხოლოდ მომღერალი, არამედ მსახიობი და პროდიუსერიცაა, რომელიც სამართლიანად სახელდება XX საუკუნის ყველაზე გავლენიან არტისტებს შორის. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, სინატრა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემსრულებელია. მისი მუსიკალური მოღვაწეობა საოცრად პროდუქტიული იყო, რაზეც მის მიერ ჩაწერილი 59 სტუდიური ალბომი და 300-მდე კომპოზიცია მეტყველებს.

1953 წელს სინატრამ საკუთარი თავი კინოშიც გამოსცადა და მონაწილეობა მიიღო ფილმში „From Here to Eternity“, რომელმაც არტისტს „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ჯილდოები მოუტანა. ამის შემდეგ ის უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა ჰოლივუდის ფილმებსა და მიუზიკლებში. ზემოთხსენებული აღიარების გარდა, თავისი კარიერის განმავლობაში ამერიკელმა არტისტმა 11 „გრემის“ ფიგურა დაიმსახურა და Time-ის ვერსიით XX საუკუნის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დასახელდა.

ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მუსიკოსთა პარკის 21-ჰექტარიანი რეკრეაციული ზონა მხოლოდ დასასვენებელი სივრცე არ არის - მას მნიშვნელოვანი შემეცნებითი ფუნქცია აქვს. სწორედ ამიტომ, Starring Georgia-ს ეკოსისტემის ფარგლებში, პარკი აქტიურად აინიცირებს ეკო-პროექტებს როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ციფრულ სამყაროში, რათა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი.

 ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი პარკის საკუთარი სათბურია, სადაც ყოველწლიურად ასობით ახალი ნერგი ხარობს. ეს მცენარეები სრულად ადგილობრივი მებაღეების მიერ არის გამოზრდილი და ყოველ გაზაფხულზე პარკის ტერიტორიაზე ირგვება, რაც სიცოცხლის უწყვეტ ციკლს უზრუნველყოფს. გარემოზე ზრუნვის იდეა აქტიურად გრძელდება ციფრულ კამპანიებშიც, სადაც პარკი ვიზიტორებს ეკომეგობრული გარემოს შექმნისკენ მოუწოდებს. ამისთვის კი სხვადასხვა ტიპის კამპანიების საშუალებით მუდმივად ცდილობს ეკო ცნობიერების ამაღლებას.

ეკოლოგიური პასუხისმგებლობა მხოლოდ მცენარეებს არ ეხება -  კამპანიის „დააპურე“ მეშვეობით, პარკი გურულ მიუსაფარ ცხოველებზეც ზრუნავს. მეგობარ კომპანიებთან პარტნიორობით, ყველაზე სუსხიან სეზონზე ოთხფეხა მეგობრებისთვის ასეულობით კილოგრამი საკვები გამოიყოფა, რაც ხაზს უსვამს პარკის მისიას – იყოს მზრუნველი გარემო ყველასთვის.

მდგრადობის პრინციპი პარკის ინფრასტრუქტურასა და არტ-ობიექტებშიც კრეატიულადაა ასახული. ტერიტორიაზე შეხვდებით სკულპტურებს, რომლებიც პარკში დაზიანებული ხეებისგანაა დამზადებული, რაც ბუნებრივ მასალას მეორედ სიცოცხლეს სძენს და უნარჩენო ხელოვნების მაგალითს ქმნის. 

ბუნებასთან უშუალო კავშირისთვის პარკი სხვადასხვა ტიპის ინტერაქტიულ ზონებსაც აერთიანებს, როგორიცაა: კოის ბაღი, მეთევზის ქოხი, დრაკონის ბუდე და სხვა საინტერესო სივრცეები. თითოეული ეს ინსტალაცია ერთდროულად წარმოადგენს როგორც რეკრეაციულ სივრცეს, ასევე შემეცნებით ინიციატივას, რომელიც ვიზიტორს ეხმარება კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ბუნებას და ბუნებრივი რესურსების მიმართ მეტი მგრძნობელობა ჰქონდეს. ეს ყოვლისმომცველი მიდგომა ნათლად აჩვენებს, რომ მუსიკოსთა პარკი ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ხელოვნება, ადამიანური მზრუნველობა და ეკოლოგია ერთმანეთს სრულყოფილად ავსებს.

სკულპტურების მრავალფეროვნება და მულტიფუნქციურობა ნათლად აჩვენებს, რომ მუსიკოსთა პარკი სხვადასხვა თაობის, მუსიკალური ჟანრისა და სახელოვნებო იდეის შეხვედრის წერტილია. ამ ტიპის უნივერსალური სივრცე განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს Black Sea Arena-ს ეკოსისტემას და შეკვეთილში ჩასული ტურისტებისთვის ერთ-ერთ მთავარ დანიშნულების ადგილად იქცა.

მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზნით ეწვევით გურიის სანაპიროს - თქვენს საყვარელ მუსიკოსებთან „შეხვედრა“, უნიკალური მცენარეებით შემოსილი პარკის ბილიკებზე სეირნობა და მუსიკალურ ისტორიასთან ზიარების გამოცდილება ის შთაბეჭდილებებია, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი ნაბიჯი ახალ მელოდიასა და ისტორიას გიშლით.

შემდეგი ბლოგიდარგე ხე მუსიკოსთა პარკში