SG
[ ყველა ბლოგზე დაბრუნება ]
Black Sea Arena: როგორ იქცა შავი ზღვის სანაპირო მუსიკალური ოცნებების ცენტრად?
წარმოიდგინეთ შავი ზღვის სანაპირო, მცხუნვარე მზე, ცხელი ქვიშა, ზღვის ტალღების ხმა... ერთი შეხედვით, ყველაფერია იმისთვის, რომ სრულიად მოწყდე რეალობას და მშვიდად დაისვენო, მაგრამ სწორედ აქ იცვლება ბევრი რამ.
latest-blog-image
გააზიარეთ: Facebook
წარმოიდგინეთ შავი ზღვის სანაპირო, მცხუნვარე მზე, ცხელი ქვიშა, ზღვის ტალღების ხმა... ერთი შეხედვით, ყველაფერია იმისთვის, რომ სრულიად მოწყდე რეალობას და მშვიდად დაისვენო, მაგრამ სწორედ აქ იცვლება ბევრი რამ.

სულ რაღაც ერთი თვალის გაწვდენაზეა შთამბეჭდავი, ამფითეატრის ტიპის ნაგებობა, რომელიც ამ სანაპიროს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ცხელ, ხმაურიან და ენერგიულ წერტილად აქცევს. ეს ბლექ სი არენაა - რეგიონის ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც წლიდან წლამდე ქართული მუსიკალური ინდუსტრიის ახალ ფურცელს წერს.

თუმცა, სანამ გურიის რეგიონში ეს რეალობა დადგებოდა, მის უკან ძალიან დიდი პროცესი და უნიკალური მიდგომები იმალებოდა - არქიტექტურული თუ ტექნიკური გამოწვევები და ის გზა, რომელმაც ეს ადგილი ქვეყნის კულტურულ რუკაზე მონიშნა.

არქიტექტურა, რომელსაც ანალოგი არ აქვს

ბლექ სი არენას მშენებლობას საფუძველი 2008 წელს, ფონდი „ქართუს“ ინიციატივით ჩაეყარა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ პროექტი მხოლოდ საკონცერტო დარბაზის აშენებით არ შემოიფარგლებოდა.

ეს არის 30 000 კვ. მეტრი ფართობის მქონე მასშტაბური სივრცე, რომელსაც რეგიონისთვის სრულიად ახალი სიცოცხლე უნდა შეეძინა. მშენებლობის პროცესში მთავარ პრიორიტეტს სტუმრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა მასიური ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ კონცერტებზე მოსულ 10 000-ზე მეტ ადამიანს, არამედ ზოგადად შეკვეთილში ჩამოსულ ტურისტებსაც მაქსიმალურ მოხერხებულობას სთავაზობს.

უშუალოდ იმ სცენას რომ შევეხოთ, სადაც Aerosmith-ის, The Scorpions-ის, Black Eyed Peas-ის, Jessie J-ის, The Killers-ის, OneRepublic-ის, Thirty Seconds to Mars-ის, Christina Aguilera-ის, Elton John-ის, Robert Plant-ის, Ennio Morricone-სა და სხვა მუსიკალური მაესტროების ქართული დებიუტი შედგა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ უნიკალური არქიტექტურული გადაწყვეტები. ამფითეატრის ტიპის ღია ვენიუ, რომელიც 638 კვ.მ. ფართობის მქონე სცენით გამოირჩევა, მსმენელს მაქსიმალური ხილვადობის შესაძლებლობას აძლევს, რათა მათ საყვარელი მუსიკოსების ლაივ-შესრულებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ.

გარდა ამისა, სულ რამდენიმე წუთში ღია სივრცე გადახურულ საკონცერტო ვენიუდ იქცევა, რაც მოძრავი სახურავის დამსახურებაა - ეს გადაწყვეტა ქართული რეალობისთვის თავისთავად ინოვაციური ნაბიჯი იყო. არაპროგნოზირებადი ამინდისგან თავის დაცვის ფუნქციას ასევე ითავსებს გამჭვირვალე ლამელები, რომლებიც კავკასიონის მომნუსხველ ხედებს მოგვაგონებს.

ეს ყველაფერი ერთიანი კონცეპტუალური მიდგომის შედეგია, რომელიც 2020 წელს „გერმანული დიზაინის ჯილდოს“ (German Design Award) მიღებით დაგვირგვინდა, კატეგორიაში - საუკეთესო თანამედროვე არქიტექტურა. აღნიშნული აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ბლექ სი არენას არქიტექტურული და კულტურული მნიშვნელობა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიით არ შემოიფარგლება.
blog-sponsor-image-mobile
სცენა, რომელსაც მსოფლიო უსმენს
ბუნებრივია, ტექნოლოგიური შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ მსგავსი სივრცეების ისტორიას მაინც ის ადამიანები წერენ, რომლებიც მას სტუმრობენ და ახალი იდეებით ავსებენ. ამ კუთხით, ბლექ სი არენას მთავარი უპირატესობა ისაა, რომ აქ შესაძლებელია როგორც საერთაშორისო მუსიკალური ღონისძიებების გამართვა, ისე სხვადასხვა ტიპის კულტურული თუ სპორტული ინიციატივების მასპინძლობა.

ზემოთ ჩამოთვლილი კლასიკური და თანამედროვე მუსიკის სხვადასხვა საინტერესო სახელები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ბლექ სი არენა ერთ სივრცეში აერთიანებს თაობებს, მუსიკალურ მიმდინარეობებსა და განსხვავებულ ემოციებს.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ „Starring Georgia-ს“ ფარგლებში გამართულ სხვა მასშტაბურ ღონისძიებებს, მაგალითად, Bruno Mars-ის, Justin Timberlake-ისა და Imagine Dragons-ის საქართველოში ვიზიტს, ნიადაგი სწორედ შეკვეთილში აშენებულმა ამ სივრცემ გაუმზადა. ამაში იგულისხმება როგორც ინფრასტრუქტურული მზაობა, ისე მსმენელის ემოციური განწყობა და რწმენა, რომ საქართველოშიც შეგვიძლია განვიცადოთ ის, რაც მსოფლიოს ყველა დიდ არენაზე ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბლექ სი არენა წელიწადის ნებისმიერ დროს მზადაა უმასპინძლოს უმაღლესი დონის ღონისძიებებს, მსმენელს აქ სტუმრობა განსაკუთრებით ზაფხულში უყვარს. ამ ტრადიციისთვის კიდევ ერთი ბიძგი Front Stage-ის შექმნა აღმოჩნდა, სადაც საფესტივალო ტიპის კონცერტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ აქტებს ვხვდებით. შეკვეთილის სტუმრები დღემდე ემოციებით იხსენებენ ღია ცის ქვეშ Empire Of The Sun-ის, L'Impératrice-ის, FKJ-ისა და Jungle-ის მოსმენის გამოცდილებას, რაც, როგორც ჩანს, მხოლოდ დასაწყისია.

ფაქტია, რომ ბლექ სი არენას მთავარი სცენისთვის ახალი, ალტერნატიული სივრცის დამატებამ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა რეგიონის მუსიკალური პალიტრა. მუსიკალური ღონისძიებები ყოველთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და ემოციურად დამუხტულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არენის მულტიფუნქციურობა სხვა ტიპის მასშტაბური პროექტებისთვისაც ტოვებს სივრცეს.
ტექნიკური აღჭურვილობა
მუსიკალური ინდუსტრიისა და ზოგადად კულტურული პროცესების ერთ-ერთი დაუწერელი წესია, რომ ის ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტემპს ფეხი ავუწყოთ. ეს ეხება ტექნიკურ აღჭურვილობასაც, რომელიც მუდმივ განახლებას მოითხოვს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საამაყოა, რომ არენა აღჭურვილია თანამედროვე ხმის, განათებისა და სასცენო სისტემებით, რაც საერთაშორისო სტანდარტების შოუების ჩატარების საშუალებას იძლევა.

Black Sea Arena წამყვანი იტალიური განათების მწარმოებელი კომპანიის - Clay Paky-ს ერთადერთი ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომ არაფერი ვთქვათ ხმის სისტემების უპირობო გიგანტთან, ფრანგულ L-Acoustics-თან პარტნიორობაზე. სწორედ ეს ტექნიკური ბაზაა იმის გარანტი, რომ ნებისმიერი ჟანრისა თუ სირთულის პერფორმანსი მაყურებლისთვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა.

არენის კიდევ ერთი საგანძურია ე.წ. ბექლაინ (Backline) სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც ხშირი გამოყენების მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ისე იშვიათ, საკოლექციო მოდელებს. მათ შორის არის კლასიკური, აკუსტიკური და ელექტროგიტარები, სინთეზატორები, პერკუსიები და სხვა ინსტრუმენტები.

როგორც არტისტის, ისე მაყურებლის კომფორტი თანაბრად მნიშვნელოვანია Black Sea Arena-სა და, ზოგადად, Starring Georgia-ს გუნდისთვის. ამის დასტურია არენასთან არსებული მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა: VIP ლაუნჯი, მაღალი სტანდარტის საგრიმიოროები, კინოთეატრი, სამედიცინო პუნქტი და მოწესრიგებული პარკინგი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია არენის სასაწყობო სივრცე, სადაც უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ინახება ყველა ის ტექნოლოგიური რესურსი, რაც ამ სივრცეს უნიკალურს ხდის. სწორედ დეტალებზე ორიენტირებული ეს მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ ყოველი სტუმრობა,სცენაზე თუ დარბაზში, უნაკლო გამოცდილებად იქცეს.

ამ უნაკლო გამოცდილების მონაწილე უკვე ათიათასობით ადამიანი გამხდარა, მათ შორის ათასობით ტურისტი, რომელიც ყოველ სეზონზე უბრუნდება გურიას. არენის გვერდით არსებული „მუსიკოსთა პარკი“ და „სოციალური სივრცე“ კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა ესტუმროთ შეკვეთილს ყოველთვის, როცა ამის შანსი მოგეცემათ.

Starring Georgia-ს პროექტები, თავისი კულტურული დანიშნულების გარდა, გასართობი ინდუსტრიის ყველა სტანდარტის დაცვაზეა ორიენტირებული. ეს გარანტიაა იმისა, რომ აქ დროს საინტერესოდ, დასამახსოვრებლად და, რაც მთავარია, დიდი ემოციური მუხტით გაატარებთ. ამისთვის კი აუცილებელია, თავად გახდეთ ამ ეკოსისტემის წევრი და დაწეროთ ქვეყნის კულტურული ისტორიის ახალი ფურცლები ჩვენთან ერთად.
ყველაზე დიდი ვენიუ რეგიონში და ქვეყნის მთავარი მუსიკალური ლოკომოტივი
board-image-mobile