SG
[ ყველა ბლოგზე დაბრუნება ]

თუ YE-ს დავუჯერებთ, ჰიპ-ჰოპი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო

„საერთოდ არ ველი, რომ გამიგებენ“ - ეს ფრაზა ქანიემ 2013 წელს თქვა. პარადოქსულია, მაგრამ ის თანაბრად ესადაგება როგორც მის წარსულს, ისე ყველაფერს, რაც მომავალში შექმნა. თუ არტისტისთვის ზოგიერთი ფრაზა კარიერის შეჯამებაა, მისთვის ეს სიტყვები მთელი ბიოგრაფიის დიაგნოზად იქცა.
latest-blog-image
გააზიარეთ: Facebook

„საერთოდ არ ველი, რომ გამიგებენ“ - ეს ფრაზა ქანიემ 2013 წელს თქვა. პარადოქსულია, მაგრამ ის თანაბრად ესადაგება როგორც მის წარსულს, ისე ყველაფერს, რაც მომავალში შექმნა. თუ არტისტისთვის ზოგიერთი ფრაზა კარიერის შეჯამებაა, მისთვის ეს სიტყვები მთელი ბიოგრაფიის დიაგნოზად იქცა.

ქანიეს ცხოვრება ერთი დიდი ქარიშხალია, სადაც მისი პიროვნული და არტისტული „მე“ მუდმივად ეჯახება ერთმანეთს. ამ გადაკვეთის წერტილებში ხან პიროვნულმა ამბიციამ გააძლიერა მისი ხელოვნება, ხან კი პირიქით - მისივე რთული ხასიათი საკუთარი შემოქმედების უმძიმეს ტვირთად იქცა.

ამის მიუხედავად, ფაქტი უცვლელია: ის 21-ე საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. სწორედ ეს მარადიული კონტრასტი, რაც მის ყველა ნაბიჯს თან სდევს, არის ის, რაც მის ისტორიას დღემდე ასეთ ამაღელვებელსა და აქტუალურს ხდის.

ქანიე ვესტი ჩიკაგოში გაიზარდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი დედა ინგლისურის პროფესორი იყო, პატარა ქანიეს ცხოვრების მთავარი გაკვეთილები სკოლის მერხთან არ მიუღია. მისი გონება და სული თავიდანვე ხელოვნებას უკავშირდებოდა - და ის ყოველთვის ეძებდა გზას, სადაც საკუთარ თავს გამოავლენდა. დედამისმა, დონდა ვესტმა, მასში ადრევე ჩამოაყალიბა შემოქმედებითი თავისუფლების გრძნობა, ლეგენდარულმა ადგილობრივმა პროდიუსერმა No I.D.-მ კი ხელი ჩაჭიდა და სტუდიის ენა ასწავლა. სწორედ ამ ენის ცოდნამ მიიყვანა ის ჯეი-ზის მიერ დაფუძნებულ Roc-A-Fella Records-თან, სადაც კოლეგა Just Blaze-სთან ერთად პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი ბიტმეიქერი გახდა. ამაში ყველა დარწმუნდა, როდესაც მან ჯეი-ზის ლეგენდარულ ალბომზე - The Blueprint-ზე იმუშავა და თავისი მუსიკალური ხელწერა მკაფიოდ დააფიქსირა.

თუმცა მალევე დაირხა ხმა, რომ ის საკუთარი ალბომის გამოცემასაც აპირებდა, სადაც როგორც პროდიუსერი, ასევე რეპერიც თვითონ უნდა ყოფილიყო. ამ გამბედაობის მასშტაბი რომ გავიგოთ, ერთ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება: ჰიპ-ჰოპში პროდიუსერები ბითებს ქმნიდნენ, რეპერები კი - მესიჯს. ეს ორი სამყარო თითქოს ცალ-ცალკე ტრიალებდა და განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ერთმანეთს არ კვეთდა. წარმატებულ რეპერად ქცეული პროდიუსერის მოძებნა უფრო რთული საქმე იყო, ვიდრე ჩიკაგოს ქუჩებში გაჭენებული უნიკორნის ხილვა..

ამ სიტუაციას დრამატულობას ის ფაქტიც სძენდა, რომ მუსიკოსი 2002 წელს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა და ყბა დაიზიანა - ის ყბა, რომელსაც მისი მესიჯი მსოფლიოსთვის უნდა მიეტანა. და რა გააკეთა ქანიემ? მან თავისი ტრავმული გამოცდილება კომპოზიციაში „Through the Wire" გადმოიტანა, ეს სიმღერა კი სადებიუტო ალბომ The College Dropout-ის წამყვან სინგლად აქცია. 

თუმცა, სანამ ალბომი ჯერ კიდევ ჰაერში იყო, მან თავისი სიტყვის თქმა სხვა არტისტების დისკოგრაფიებითაც მოასწრო. Talib Kweli, Ludacris, Jay-Z, Alicia Keys - ეს იმ მუსიკოსების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ქანიეს ბითებით წარმატებული კომპოზიციები გამოსცეს. თუმცა არტისტის წარმატების ახალი ერა მაინც ალბომ The College Dropout-ით დაიწყო. სადებიუტო ჩანაწერმა Grammy-ს ათი ნომინაცია მოიპოვა და საუკეთესო რეპ ალბომის ჯილდო წაიღო, სადაც მან Jay-Z-ის, Beastie Boys-ის, LL Cool J-ისა და Nelly-ს ნამუშევრები დაამარცხა. და ახალი ქანიეს დაბადებაც ვიხილეთ…

 

blog-sponsor-image-mobile

“ახლა შემიძლია ნება მივცე „ოცნებების მკვლელებს“ გამინადგურონ თვითშეფასება, ან გამოვიყენო ჩემი აროგანტულობა, როგორც საწვავი ჩემი ოცნებების ასასრულებლად”

ამ ალბომით დაიწყო ის საგა, რომელიც ტრილოგიის სახით ჩამოყალიბდა და ალბომებს The College Dropout, Late Registration და Graduation აერთიანებს. ამ ნამუშევრებში ქანიემ თავისი სიტყვა ჯერ სოციალურ და პოლიტიკურ მესიჯად აქცია, შემდეგ კი უნივერსალურ ენად, რომლის მეშვეობითაც ელაპარაკებოდა ადამიანებს ყველა კონტინენტზე - ის ქმნიდა უნივერსალურ სიმბოლოებს, რომლებმაც რეპერი ქანიე სამუდამოდ მონიშნა ჰიპ-ჰოპ რუკაზე. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მისი, როგორც პროდიუსერის ევოლუციაც - R&B და სოულის სემპლებზე აგებული ბითებიდან სინემატიკურ მოგზაურობაში გადავედით, იქიდან კი სინთ-პოპის ესთეტიკასა და ელექტრონულ ჟღერადობაზე. ჰიპ-ჰოპის ენით ქანიე ესაუბრებოდა როგორც გეტოებში ჩაკარგულ ადამიანთა ჯგუფებს, ასევე სტადიონზე შეკრებილ აუდიტორიასაც. თუ ქანიეს დავუჯერებდით ჩანდა, რომ ჰიპ-ჰოპი აღარასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე იყო.

და ამის ძალიან კარგი დასტური აღმოჩნდა მისი შემდეგი ალბომი, 2008 წელს გამოცემული 808s & Heartbreak, რომელმაც არამარტო ის აჩვენა, რომ კოლეჯის ტრილოგია წარსულს ჩაბარდა, არამედ ისიც, თუ საით წავიდოდა ამ მუსიკის ახალი ტალღა.

„არ მინდა ვიყო რეპერი, მე მინდა ვიყო 'ვიზიონერი'. 808s არ არის რეპ-ალბომი, ეს “პოპ-არტ” ალბომია“. ავტოტუნის დიდი დოზა, სინთეტიკური ბგერები და ელექტრონული მუსიკის არტისტების საყვარელი დრამ-მანქანა TR-808 - ქანიემ გადაწყვიტა, რომ პროვოკაცია მისი ახალი ენა იქნებოდა. და თუ დავაკვირდეთ Drake-ს, Travis Scott-ს, The Weeknd-სა და ახალი თაობის სხვა მუსიკოსებს, მივხვდებით, რომ ამ ქსოვილმა დროს ნამდვილად გაუძლო. 

თავის მხრივ, დროის გამოცდას არ ერიდებოდა თავად ქანიეც, რომელიც კონტროვერსიის ახალ ტალღებს მაგნიტურად იზიდავდა. ალბათ ყველას ახსოვს 2009 წლის MTV Video Music Awards-ზე მომხდარი ინციდენტი, როდესაც მან Taylor Swift-ს სცენაზე მიკროფონი წაარტვა. მაშინ ამ ამბავს ამერიკის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და ჰიპ-ჰოპ არტისტი საჯაროდ გააკრიტიკა. ქანიემ კი ამ კრიტიკას ერთადერთი გზით უპასუხა - სტუდიაში შევიდა და My Beautiful Dark Twisted Fantasy შექმნა.

ეს ჩანაწერი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ალბომების სიაში ძალიან ხშირად ხვდება, ჰავაიზე შეიქმნა და ქანიეს გარდა სტუდიაში Kid Cudi, Elton John, Rihanna, Bon Iver, Rick Ross და RZA-ის შემოქმედების ექოც ისმოდა. ამ ნამუშევარში არტისტი უფრო თამამად შეეხო პოპულარობისა და წარმატების გამოწვევებს - ცხოვრების იმ ეტაპს, როდესაც ის უკვე აღარ იყო მხოლოდ ჰიპ-ჰოპ არტისტი, არამედ პოპ კულტურის ერთ-ერთი მთავარი სახე. სწორედ აქ დავინახეთ მისი, როგორც ტექსტების ავტორის ნიჭი სრულად  და ეს მისი შემოქმედების კულმინაცია იყო. ამ ეტაპზე თავად ქანიეც ამბობდა, რომ ის არ ქმნიდა მუსიკას - ის ქმნიდა „ბგერით ფერწერას." 

არტისტული წარმატება თავის მხრივ იდეალურად აისახა მის ჯილდოებზე - მისთვის ახალი ჩანაწერის გამოშვება მორიგი Grammy-ს მოგებას უდრიდა. მუსიკის მიღმა კი ქანიე მოდისა და ხელოვნების სფეროშიც კომფორტულად გრძნობდა თავს და არსად ერიდებოდა თავისი იდეები მკაფიოდ და შეუპოვრად გამოეხატა. Paul McCartney, Daft Punk, Virgil Abloh, Alejandro Jodorowsky - ერთი შეხედვით ეს ხელოვნების სხვადასხვა სივრცეში მყოფი ადამიანების ჩამონათვალია. სინამდვილეში კი ეს იყო რუკა იმისა, თუ სად სურდა ქანიეს ყოფნა და ვინ სურდა ყოფილიყო. საკუთარი სურვილების მანიფესტაციას კი ის არასდროს ერიდებოდა:

“მე უორჰოლი ვარ. ჩვენი თაობის ყველაზე გავლენიანი ხელოვანი. მე ვარ ხორცშესხმული შექსპირი. უოლტ დისნეი, Nike, Google…ახლა, ვინ აპირებს გვერდით დამიდგეს და მომცეს ახლის შექმნის საშუალება? თუ გირჩევნიათ, მარგინალად მაქციოთ მანამ, სანამ ჩემი დრო არ ამოიწურება?“

 

The Life of Pablo

მისი ექსტრავაგანტულობა აისახებოდა სასცენო დიზაინშიც, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა განხილვის საგანს - ის არ ერიდებოდა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური სტადიონები და არენები საკუთარი იდეების სცენად ექცია. მისი ყოველი ტურნე ახალ რეკორდს უდრიდა, ადამიანებს ყოველთვის აინტერესებდათ არა მხოლოდ ის, თუ რას იტყოდა ქანიე, არამედ ისიც, თუ როგორ გააკეთებდა ამას. შემოქმედებითი ფორმებისადმი მისი აკვიატება ქმნიდა ახალ რეალობას, სადაც მისი ფანიც და კრიტიკოსიც ერთნაირად პოულობდნენ მიზეზს, რომ მასზე ესაუბრათ.

საუბრის მიზეზს კი რა დალევდა?!. ეს პირობითად შეიძლებოდა ყოფილიყო The Life of Pablo ან Yeezus, მისი რევოლუციური ალბომი, სადაც ქანიემ ჰიპ-ჰოპის საზღვრები კიდევ ერთხელ გააფართოვა.. ან რომელიმე სატელევიზიო ინტერვიუ, სადაც ხელოვანი გადაწყვეტდა, რომ მისი ყველაზე კონტროვერსული აზრები მთელი სამყაროს განსახილველი საგანი უნდა გამხდარიყო. არასამართლიანია იმის თქმა, რომ ქანიეს არტისტულ თუ პიროვნულ გადაწყვეტილებებს თავისი ბნელი ლაქა არ დაუტოვებია. ხშირად მის ყველაზე ერთგულ მსმენელსაც უჭირდა დაეცვა ის, ხშირად თავად ქანიეც კი ვერ იცავდა თავს საკუთარი თავისგან - მაგრამ მუსიკა ყოველთვის რჩებოდა ის სივრცე, სადაც ის კვლავ პოულობდა საკუთარ თავს.

პერსონალური თუ საჯარო პრობლემების, მრავალგზის ჰოსპიტალიზაციის, საკუთარ დემონებთან ბრძოლის შემდეგ, 2018-19 წელს დაიწყო მისი ახალი ეტაპი. ალბომებს Ye და Jesus Is King მოჰყვა ახალი პროექტი Sunday Service - საკვირაო გოსპელ შეკრებები, სადაც ქანიე თავის გუნდთან ერთად კლასიკურ სასულიერო მუსიკას ასრულებდა, საკუთარ ჰიტებს კი სულიერი პრიზმით გადაამუშავებდა. Coachella-ზე, კანიონებსა და ეკლესიებში ათასობით ადამიანი იკრიბებოდა - ზოგი კონცერტზე, ზოგი ლოცვაზე, თუმცა ყველა ერთ სივრცეში.

თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მის შემოქმედებაში სიმშვიდემ დაისადგურა - ქაოსი შემდეგივე ალბომით დაბრუნდა. მეათე სტუდიური ჩანაწერი “Donda” დედამისის სახელს ატარებდა - დონდა ვესტის სახელს, რომელმაც პატარა ქანიეში შემოქმედებითი თავისუფლება ჩაანერგა. ეს სიმბოლური არჩევანი იყო - ქანიე წრეს ხურავდა.

თუმცა ალბომის გამოსვლის თარიღები მუდმივად იცვლებოდა, საჯარო მოსმენები Atlanta-ს Mercedes-Benz Stadium-ში იმართებოდა და ამ დროს ქანიე სტადიონის გასახდელში დასახლდა - ალბომის მიქსინგი პირდაპირ იქიდან განაგრძო. ამ ნამუშევრის სულიერი მემკვიდრე Donda 2 კი მთლიანად სხვა ისტორია იყო - ის ექსკლუზიურად Stem Player-ზე, ქანიეს საკუთარ პლატფორმაზე გამოიცა. Billboard-ის ჩარტებისთვის ქანიეს პლატფორმა არ არსებობდა, მაგრამ მას ეს არ აინტერესებდა. ვესტი კვლავ საკუთარი წესებით აგრძელებდა თამაშს.

პარალელურად მან დაიწყო მუშაობა პროექტზე ¥$, სადაც Ty Dolla $ign-თან ითანამშრომლა. კოლაბორაცია ქანიეს ახალი ტერიტორია არ იყო, Jay-Z-თან ერთად შექმნილი Watch the Throne ამის დასტურია, თუმცა მისი ყოველი თანამშრომლობითი პროექტი მაინც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. მიზეზი მარტივია: ძნელია კოლაბორაციის საზღვრებში მოაქციო ის არტისტული ეგო, რაც ქანიეს აქვს. და სწორედ ეს სიძნელე ხდის შედეგს საინტერესოს.

ბოლო წლებში ქანიეს წინააღმდეგობრივი პერსონა სულ უფრო მეტად ექცევა ყურადღების ცენტრში და ხანდახან ჩანს, თითქოს მისი სკანდალები მუსიკასაც კი ჩრდილავს, თუმცა ის მაინც ახერხებს ჩარტების სათავეში დარჩენას. 

ინტერესი არ დააკლდა მის ბოლო პროექტსაც - Bully-ს, სადაც ქანიე Travis Scott-თან, CeeLo Green-თან, Peso Pluma-სა და Don Toliver-თან ერთად ვიხილეთ. ცალკე ინტერესის საგანი აღმოჩნდა ის ლაივ გამოცდილება, რაც ამ ალბომს მოჰყვა - უზარმაზარი ნახევარსფეროს ფორმის სცენა და ცენტრში ქანიე. თითქოს მთელი მისი შემოქმედებითი გზა ამ ერთ სურათში გამოიხატა, ადამიანი, რომელმაც მთელი კარიერა საზღვრების გაფართოებაში გაატარა, ახლა სრულ წრეში იდგა. თავად კონცერტის მუსიკალური ნაწილიც ამის დასტურია. აქ ვხვდებით მისი ყველა ალბომის, ყველა ეტაპის ექოს, ერთ ადამიანში, ერთ გამოცდილებაში მოქცეულს. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ამ გამოცდილების ნაწილი უკვე საქართველოც გახდება და ამ დიდი ისტორიის ერთი ფურცელი ჩვენს ქვეყანაში დინამო არენაზეც დაიწერება.

„საერთოდ არ ველი, რომ გამიგებენ." - ეს სიტყვები 2013 წელს ითქვა. მას შემდეგ გავიდა წლები, შეიცვალა ჟანრები, დაიწვა ხიდები, დაიხურა ძველი კარები, დაიბადა ახალი ეპოქები. და ყოველ ჯერზე, როდესაც სამყარო ქანიეს „გიჟს" უწოდებდა, მუსიკა სხვა რამეს ამბობდა. 

მაგრამ ისტორია არ დასრულებულა. ქანიე კვლავ წერს, კვლავ ამხობს, კვლავ ეჯახება სამყაროს. და სანამ ის ამას აკეთებს, ერთი კითხვა ღია რჩება - რას ვიტყვით ისტორიის ამ თავზე ათი წლის შემდეგ?

 

ერთადერთი შოუ საქართველოში

board-image-mobile