SG
[ ყველა ბლოგზე დაბრუნება ]

ციცინათელა: სადაც ზღაპარი იწყება – გართობა, ადრენალინი და მინიატურული საქართველო

იქ, სადაც ზღაპარი იწყება... სწორედ ასეთი ადგილია შავი ზღვის სანაპიროს ყველაზე დიდი ატრაქციონების პარკი, რომელიც 2006 წლის ერთ მზიან დღეს შეიქმნა. მისი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო: შეექმნა ჯადოსნური თავგადასავლების სივრცე როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
latest-blog-image
გააზიარეთ: Facebook

იქ, სადაც ზღაპარი იწყება... სწორედ ასეთი ადგილია შავი ზღვის სანაპიროს ყველაზე დიდი ატრაქციონების პარკი, რომელიც 2006 წლის ერთ მზიან დღეს შეიქმნა. მისი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო: შეექმნა ჯადოსნური თავგადასავლების სივრცე როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.

პარკის მასშტაბურობა განაპირობებს იმასაც, რომ აქ გათვალისწინებულია ყველა ასაკისა და გემოვნების მქონე ადამიანის ინტერესები. აქ შეხვდებით როგორც მსუბუქ გართობაზე ორიენტირებულ სივრცეებს, ისე ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულთათვის განკუთვნილ ატრაქციონებს, რაც „ციცინათელაში“ ვიზიტს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ციცინათელების ბორბალი - ამ ტიპის ყველაზე მაღალი ატრაქციონი მთელ საქართველოში, საიდანაც შეკვეთილის სანაპიროს ულამაზესი ხედები იშლება. გარდა ამისა, აქვე წარმოდგენულია უნიკალური „მინიატურების პარკი“, სადაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მინიატურული სახითაა გამოფენილი. ეს სივრცე ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, სულ რამდენიმე წუთში იმოგზაურონ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და გაეცნონ ქვეყნის მდიდარ ისტორიას.

ამ სტატიით კიდევ ერთხელ ვიმოგზაურებთ „ციცინათელას“ ჯადოსნურ სამყაროში, სადაც 40-მდე ატრაქციონი, მრავალფეროვანი გამოცდილება და ოჯახური თავგადასავლის მოსაწყობად იდეალური სივრცე დაგხვდებათ.

 

blog-sponsor-image-mobile

ციცინათელას ზღაპრული ეკოსისტემა

როცა ატრაქციონების პარკში შედიხარ, არასდროს იცი, საიდან დაიწყო, რადგან ყოველი ატრაქციონი თავისებურ თავგადასავალში გეპატიჟება. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია არჩევანის თავისუფლება, რათა ბავშვურმა აღტკინებამ დიდხანს გასტანოს. სწორედ ამიტომ, „ციცინათელას“ პარკში გხვდებათ როგორც ექსტრემალური, ისე საბავშვო და საოჯახო ატრაქციონები. არჩევანის მრავალფეროვნება განაპირობებს იმას, რომ ყველა, ვინც პარკის ზღურბლს გადააბიჯებს, აუცილებლად იპოვის ზუსტად იმას, რასაც ეძებს.

პარკის ერთ-ერთი მთავარი ატრაქციონი “ციცინათელას ბორბალი” ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, სიმაღლიდან დააკვირდნენ მთელ კომპლექსს. ნელ-ნელა, ზემოთ ასვლის პროცესში, სტუმრებისთვის იშლება პანორამული ხედი, საიდანაც „ციცინათელას“ ტერიტორია და მიმდებარე ლანდშაფტი ხელისგულზე ჩანს. ეს გამოცდილება ვიზიტორს სივრცის სრულ აღქმასა და პარკის მასშტაბების ახლებურად დანახვაში ეხმარება.

ატრაქციონიდან გადაშლილი ხედი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, სიმაღლიდან დააკვირდნენ Black Sea Arena-ს უნიკალურ არქიტექტურასა და მის ირგვლივ მდებარე მუსიკოსთა პარკის ევკალიპტებს.

სხვა მიმართულებით კი შავი ზღვის სანაპირო და შეკვეთილის ქვიშიანი ზოლი მოჩანს, რაც გარემოს სრულ აღქმას უწყობს ხელს. პანორამული ხედების მრავალფეროვნება ვიზიტორებს ხშირად უბიძგებს, კიდევ ერთხელ გაჰყვნენ ბორბლის წრეს ამ ხედების უკეთ დასათვალიერებლად.

ადრენალინის ეპიცენტრი: ექსტრემალური ზონა

მათთვის, ვისაც ხედების თვალიერებასთან ერთად საკუთარი ემოციური ლიმიტების შემოწმებაც მოსწონს, „ბუსტერი“ საუკეთესო არჩევანია. ეს ატრაქციონი მხოლოდ ყველაზე გამბედავებისთვისაა - თუ ადრენალინის დიდი დოზა და ღრუბლებთან მიახლოება თქვენი სტიქიაა, პირველი ადგილი, სადაც უნდა მიხვიდეთ, სწორედ ეს არის.

თუმცა, „ციცინათელა“ სხვა ვარიანტებსაც გთავაზობთ. „დიდი ვარდნა“ იდეალური გადაწყვეტილებაა, თუ ფიზიკის კანონების საკუთარ თავზე გამოცდა გსურთ. თავისუფალი ვარდნის ექსტრემალური შთაბეჭდილება ნამდვილად დიდხანს დარჩება თქვენს მეხსიერებაში. გულისცემის ასაჩქარებლად ასევე შეგიძლიათ „კამიკაძეს“ მიაკითხოთ, სადაც სიმაღლე, სიჩქარე და სივრცის შეგრძნება ერთ ატრაქციონშია გაერთიანებული.

სხვა ტიპის ექსტრემალური გამოცდილებისთვის კიდევ ერთი საინტერესო ადგილი „ტოპ საქანელაა“, რომელიც ძალიან განსხვავდება ხეებს შორის გაბმული იმ საქანელებისგან, რომლებითაც ბავშვობაში ერთობოდით. ეს გიგანტური კონსტრუქცია ყველა მიმართულებით მოძრაობს და ყოველ წრეზე უფრო მაღლა და სწრაფად ადის, რაც პულსს საგრძნობლად აჩქარებს.

ღრუბლებიდან მიწაზე „დასაშვებად“ კი ძალიან კარგი საშუალებაა „სწრაფი მდინარე“. აქ გრილი ჰაერის ნაცვლად სახეზე უკვე წყლის შხეფები შეგეგებებათ. როცა გურიის სანაპიროზე ხართ, სანაოსნო გამოცდილების მიღების გარეშე წამოსვლა ნამდვილად არ ივარგებს - ეს ატრაქციონი საუკეთესო გზაა ექსტრემალური დღის ოდნავ გასაგრილებლად.

საოჯახო თავგადასავლები და საბავშვო სივრცეები

 

თუ „ციცინათელაში“ მხოლოდ ადრენალინის გამო არ ხართ და ოჯახთან ერთად მშვიდად დასვენება გსურთ, მაშინ სულ სხვა მიმართულებით უნდა გაიხედოთ. პირველი რეკომენდაცია „დინოზავრების ტურია“, სადაც პატარებს ახლოდან შეუძლიათ იმ არსებების გაცნობა, რომლებიც ოდესღაც დედამიწაზე ბატონობდნენ. ასეთი „დროში მოგზაურობა“ ბავშვების ფანტაზიას განსაკუთრებულად აღვიძებს.

თუ მიწის გარდა, წყლის სიღრმეები და ჟიულ ვერნისეული სამყარო გიტაცებთ, მაშინ „წყალქვეშა მოგზაურობა“ თქვენთვისაა. ზღვის ჯადოსნური საიდუმლოებების ამოხსნა ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი გასართობია, ეს ატრაქციონი კი მათ ნამდვილ მკვლევარებად აგრძნობინებს თავს.

ცნობისმოყვარე პატარებისთვის „ციცინათელას“ პარკში კიდევ ბევრი საინტერესო ადგილია: „ჯუჯების ექსპრესი“, პატარა ეშმაკის ბორბალი, მფრინავი კარუსელი და „მოციმციმე ქალაქი“. ცალკეული ატრაქციონები ისეა აგებული, რომ პასიური დასვენების პარალელურად, ბავშვები ფიზიკურ აქტივობაშიც ჩაერთონ.

მშობლებისთვის კი მთავარი სიმშვიდის გარანტია უსაფრთხოებაა - რბილი სათამაშო ზონები და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა უზრუნველყოფს იმას, რომ პატარებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ითამაშონ. თუ გქონიათ, რომ თქვენს გამოცდილებას ცუდი ამინდი შეიძლება დაემუქროს, მაშინ გეტყვით, რომ ატრაქციონების ნაწილი გადახურულ ტერიტორიაზეა, მათ შორის ბოულინგი.

თუ სიჩქარე და „ბორბლების გახურება“ თქვენი სტილია, კარტინგი ადრენალინით სავსე და, ამავდროულად, უსაფრთხო რბოლას გთავაზობთ. ეს იდეალური ადგილია მეგობრებთან ერთად შეჯიბრის მოსაწყობად.

ხოლო მათთვის, ვისაც მხიარული შეჯახებები უფრო იზიდავს, ბამპერიანი მანქანები საუკეთესო არჩევანია. ეს ატრაქციონი ათწლეულებია ყველა ბავშვისა და მოზარდის საყვარელ გასართობად მიიჩნევა, სადაც მთავარი მიზანი არა სისწრაფე, არამედ საერთო მხიარულებაა.

მინიატურული საქართველო: კულტურული აღმოჩენები

 

როგორც უკვე ვახსენეთ, პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მინიატურებში, რაც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს ერთ სივრცეში აერთიანებს. გასართობ პარკებში მსგავსი ტიპის კულტურული ელემენტი ნამდვილად იშვიათი და უნიკალური მოვლენაა.

საინტერესოა, რომ აქ თბილისის დაარსების ისტორიაც „ცოცხლდება“ —-ამის საუკეთესო გამოხატულება აბანოთუბნისა და ნარიყალას მინი-სივრცეებია. ნარიყალა, როგორც ერთ-ერთი უძველესი და რთული თავდაცვითი სისტემის მქონე ციხესიმაგრე, მინიატურაშიც კი შთამბეჭდავად გამოიყურება თავისი კოშკებითა და ბასტიონებით. იქვეა აბანოთუბანიც, რომლის სახელიც ოდითგანვე ცნობილ, ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს უკავშირდება.

თბილისური ფოლკლორისა და საქართველოს ისტორიის ფურცლები მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრისა და მთაწმინდის ფუნიკულიორის ზედა სადგურის მინიატურებით გრძელდება. ეს უკანასკნელი პარკის დამთვალიერებლების ერთ-ერთი საყვარელი ღირსშესანიშნაობაა, რადგან ის თბილისის გამორჩეულ სიმბოლოს წარმოადგენს.

ამ მინიატურული ნაგებობების დათვალიერება საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ ვიგრძნოთ დედაქალაქის ისტორიული სული და დავაფასოთ ის არქიტექტურული მემკვიდრეობა, რომლითაც ასე ვამაყობთ.

ყველა თავგადასავალი, რომელიც „ციცინათელას“ პარკში გელოდებათ, უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს ითვალისწინებს. ეს როგორც გამართული ინფრასტრუქტურის, ისე სამეთვალყურეო პერსონალის პროფესიონალიზმის შედეგია. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა თითოეული ვიზიტორისთვის პრიორიტეტი იყოს, რათა აქ გატარებული ყოველი წუთი მხოლოდ ბედნიერ მოგონებად და დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დარჩეს.

ამ ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობის დასაწყებად მხოლოდ ერთი ნაბიჯია საჭირო - გადმოაბიჯეთ პარკის ზღურბლს და აუცილებლად იპოვით იმას, რასაც ეძებთ. იქ, სადაც ზღაპარი იწყება.

 

blog-info-horizontal-image

იქ, სადაც ზღაპარი იწყება.

board-image-mobile
შემდეგი ბლოგიStarring Georgia: პროექტი, რომელმაც საქართველოს კულტურული რუკა შეცვალა