

არგონავტების მითი ალბათ ყველას გვსმენია. ეს არის ბერძენი გმირების ისტორია, რომლებმაც იასონის მეთაურობით დიდი ქარტეხილები გაიარეს და კოლხეთის სამეფოში ნანატრი ოქროს საწმისის წასაღებად ჩამოვიდნენ. საბოლოოდ მათთვის ყველაფერი წარმატებით დასრულდა, მაგრამ ფაქტია სრულ ამბავს მედეას ხსენების გარეშე ვერ მოვყვებით. კოლხი მედეა - აიეტის გრძნეული ასული, ვისი უაღრესად რთული და კომპლექსური პერსონაც კაცობრიობას აინტერესებდა ყოველთვის და ყველგან. და იმის გათვალისწინებით, რომ ის მითიური კოლხეთის სამეფო დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა, მედეა ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის, ქართველებისთვის.
სწორედ ამ მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება Starring Georgia-ს ეკოსისტემის ახალი ელემენტი, თანამედროვე კოლხეთის დაბლობში გაშენებული ჰეკატეს ბაღი, რომელიც მოყვება ამბავს უძველესი ხალხური მედიცინისა ფუძემდებლის, ჰეკატეს ტაძრის ქურუმი ქალის, მითოლოგიური პერსონაჟის - მედეას შესახებ.
“კონცეფცია თავის მხრივ გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ კოლხურ სიბრძნეზე, ჩვენი წამლობის კულტურაზე, ქართულ სამკურნალო მცენარეებზე და არესის ჭალის ჰეკატეს ბაღზე, რომელიც პლანეტა დედამიწაზე ერთ-ერთი პირველი ბოტანიკური ბაღია.“ - ანტიკურ დროში დაწყებული ისტორიის შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გაცოცხლებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არ აქვს. იდეის ავტორებისთვის ამ სივრცეს ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული დანიშნულება აქვს: “პესკეტარიანული სამზარეულოსგან, ჰოლისტური ბარისგან და მაღაზიის სივრცეებისგან მთლიანდება. ფიზიკური სივრცეების გარდა, სეზონურად ჰეკატეს ბაღი საგანმანათლებლო პროგრამებსაც გააერთიანებს და დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა სახის ვორქშოპებს შესთავაზებს.”
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მუსიკოსთა პარკის ირგვლივ ინიცირებული ღონისძიებების ძირითადი მიზანი ადამიანსა და ბუნებას შორის არსებული კავშირის ხაზგასმა და განმტკიცებაა. იქნება ეს მუსიკალური ღონისძიება თუ საგანმანათლებლო ვორქშოპი, ამ სივრცეში ორგანიზებული ყველა იდეის ექო ამ ერთი შეხედვით მარტივ იდეამდე დადის.
ჰეკატეს ბაღის შექმნის მიზანიც ის არის, რომ ერთის მხრივ ადამიანებს მიაწოდოს მეტი ინფორმაციას კოლხურ სიბრძნეზე, მედეაზე და ზოგადად ჰერბალიზმზე (ფიტოლოგიაზე), მეორეს მხრივ კი ეცადოს ამ ინფორმაციით უბიძგოს ადამიანებს აღიდგინონ უძველესი სიბრძნე და გაამყარონ კავშირი ბუნებასთან.
ეს იდეა რამდენიმე ძირითად მიმართულებად იყოფა:
სამკურნალო მცენარეების სადემონსტრაციო ბაღი
სამზარეულო, რომელიც მხოლოდ ჯანსაღ საკვებს მოიცავს
მიქსოლოგიის სივრცე და ჩაის ბარი
მაღაზიის კუთხე
სათბური


იმ ფაქტს, რომ ბუნებასა და ადამიანს შორის კავშირის აღდგენაში პოზიტიურ როლს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ყოველთვის ესწრაფოდნენ, ჯერ კიდევ აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკაში” ვპოულობთ. შესაბამისად, არ გვინდა დაიკარგოს ამ ყველაფრის თანამედროვე კვალიც, რაც ჰეკატეს ბაღში არსებული მაღაზიით იქნება შესაძლებელი. გურიის რეგიონში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ოჯახური ტრადიციებით გადმოცემული ცოდნით ბუნებრივ პროდუქციას ქმნის და სხვას უზიარებს. ჩვენი სივრცე კი ამ ადამიანებისთვის დიდი პლატფორმა იქნება, რათა მათი წვლილი კიდევ უფრო გაიზარდოს და მათი პროდუქტები მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გაიცნოს.


ჰეკატეს ბაღი თავის პირველ ვიზიტორებს ივლისიდან შეხვდება და მათ შესაძლებლობა ექნებათ უფრო დაუახლოვდნენ ამ სივრცეს, თავისი აგური დადონ მის განვითარებასა და ზრდაში და რაც მთავარია, გახდნენ იმ დიდი ლეგენდის თანაზიარი, რომელიც ჩვენს კულტურას ანტიკური ხანიდან დღემდე კვებავს.