

ოვიდიუსის ეპიკურ თხზულებაში, „მეტამორფოზები“, გვხვდება ერთი გამორჩეული მონაკვეთი: შუაღამისას, სასახლიდან მარტო გამოსული, ფეხშიშველი და თმაგაშლილი კოლხი მედეა ვარსკვლავებისკენ ხელაპყრობით სთხოვს სამსახოვან ჰეკატეს, ჯადოქრობის მფარველ ქალღმერთს, მიეახლონ და შეეწიონ მის ხელოვნებასა და შელოცვებს.
ანტიკური ლიტერატურის ეს უმნიშვნელოვანესი მონოლოგი საინტერესოდ გვიხატავს ყველასთვის კარგად ნაცნობი საკულტო პერსონაჟის სახეს. აიეტის გრძნეული ასული მედეა, თავისი უაღრესად რთული და მრავალფეროვანი ბუნებით, კაცობრიობის ინტერესის საგანს ყოველთვის და ყველგან წარმოადგენდა. ბუნებრივია, განსაკუთრებულ ინტერესს მის მიმართ სწორედ ჩვენ, ქართველები ვინარჩუნებთ - მითიური კოლხეთის სამეფო ხომ დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას მოიცავს.
მედეას პერსონაჟი წინააღმდეგობრივია, თუმცა, უდავოა, რომ იგი საუკუნეების მანძილზე შთაგონების წყაროდ ქცეულა ხელოვნების ყველა დარგისთვის. ამ ანტიკური ისტორიის თანამედროვე გაგრძელებას დღეს შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ვხვდებით, სადაც გაშენებული ჰეკატეს ბაღი უძველესი ხალხური მედიცინის ფუძემდებლის, მითოლოგიური მედეას შესახებ მოგვითხრობს.
ბუნებასთან დაბრუნების ეს იდეა სწორედ ის ქვაკუთხედია, რომელზეც ბაღის კონცეფციისა და სულისკვეთების ავტორი, Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიული ხელმძღვანელი, ციცი იაშვილი ამახვილებს ყურადღებას:
„კონცეფცია გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ კოლხურ სიბრძნეზე, ჩვენი წამლობის კულტურაზე და არესის ჭალის ჰეკატეს ბაღზე, რომელიც დედამიწაზე პირველი ბოტანიკური ბაღია“.
ციცის ხედვით, ბუნების ხმებს, თერაპიულთან ერთად, წინამძღოლის ფუნქციაც აქვთ, დაგეხმარონ შინაგანი ბალანსის პოვნაში. სწორედ ამ იდეოლოგიურ ბაზისზე აღმოცენდა პროექტის მუსიკალური ნაწილიც. სანამ ადამიანები საკუთარი ფეხით გადალახავენ ბაღის ზღურბლს, ამ მითოლოგიურ სამყაროში სულ სხვა მედიუმი - მუსიკალური ალბომი „ბაღის პოემა“ ეპატიჟებათ.

„როგორც მუსიკის მოსმენა, ასევე მცენარეებთან სათბურში მუშაობა ძალიან თერაპიული პროცესია - როცა თვალწინ უყურებ, როგორ იზრდება მცენარე, ეს განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. ამიტომაც ძალიან გვინდოდა, ამ ყველაფერს ჰქონოდა თავისი ჟღერადობა, რომელიც ამ წარმოუდგენელი სამყაროს საუნდტრეკივით გაჟღერდებოდა“.
10 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი, რომელიც უფრო მეტად მუსიკალური ჩანახატების სერიაა, პირდაპირ ეხმიანება ბაღის ეკოსისტემას. მინიმალისტური სინთეტიკური ტექსტურები და მარტივი მელოდიური პასაჟები ქმნის ჰაეროვან სივრცეს, სადაც მსმენელს საკუთარი განწყობის მართვა შეუძლია.

„ამ ალბომზე მუშაობისას ხშირად დავდიოდი ტყეში და ვუსმენდი ბუნების ხმებს: ჩიტებს, წვიმას, ქარს... ეს მეხმარებოდა, კომპოზიციებისთვის ფორმა მიმეცა“, აღნიშნავს მუსიკოსი ლევან ჩიჩუა. მისი თქმით, ეს იყო მედიტაციური პროცესი, რომელსაც საფუძვლად მისი პირადი გამოცდილებაც უდევს: „უკვე მესამე წელია მთაში ვცხოვრობ. ხშირად დავდივარ სალაშქროდ და ვაკვირდები ბუნების მრავალფეროვნებას, რაც კიდევ უფრო მაახლოებს გარემოსთან“.

ამ იდეის ნოტებში თარგმნის პროცესში ლევანისთვის მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იაპონელი კომპოზიტორის, ჰიროში იოშიმურას შემოქმედება, რადგან წლებთან ერთად მისი ალბომები „Green“ და „Wet Land“ ერთგვარ გზამკვლევად იქცა მათთვის, ვინც ემბიენტში საველე ჩანაწერებისა (Field recordings) და მინიმალიზმის ჰარმონიას ეძებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩანახატებში მკაფიოდ იკვეთება სინთეტიკური ჟღერადობა, ავტორი მას იმდენად დახვეწილად მანიპულირებს, რომ ბუნების ენერგიასთან კავშირი არ წყდება. პირიქით, სინთეზატორი ხშირად ჩიტების ჭიკჭიკის იმიტაციასაც კი ახდენს, რათა დაგვანახოს: ეს მოგზაურობა ბუნებისგან გაქცევა კი არა, მასთან დაბრუნებაა.
ალბომის დინამიკა მრავალფეროვანია: თუ ცალკეული კომპოზიციები მთლიანად ტყის ბურუსითაა შემოსილი, შუა ნაწილში სულ სხვა რეალობა გვხვდება. აქ თითქოს ავტორმა სეირნობისას „ტყის სულების გუნდი“ შეამჩნია, რომელიც ზღაპრული მისიის შესასრულებლად მიემართება. არის ეპიზოდები, როდესაც ემოციები მძიმდება და ბნელ ტონებს იძენს, თუმცა, მსმენელი არცერთ მონაკვეთში არ გრძნობს სტრესს ეს პროცესი მხოლოდ თვითჩაღრმავების კატალიზატორია.
“ბაღის პოემა“ პოეტური და დელიკატურია. მისი მთავარი ძალა დროის განცდაშია - მუსიკა არ ჩქარობს, ის ანელებს აღქმას და ტოვებს ადგილს სიჩუმისთვის, რათა საბოლოოდ, მსმენელს შინაგანი ჰარმონიის ცენტრამდე მიასწავლოს. ციცი იაშვილი ხაზს უსვამს, რომ ამ ჩანახატების მიზანი სწორედ ისაა, რომ სიმშვიდე და ჰარმონია, რომელსაც ბუნება საიდუმლოდ ინახავს, სონიკურ რეალობად აქციოს.
„ყოველი კომპოზიცია, თავისი ისტორიითა და იდეით, გვინდა, რომ გახდეს ადამიანების მეგზური წარსულში, საწყისებთან დაბრუნებაში. ეს არის მცდელობა, რომ ადამიანებს გაეზარდოთ წარმოსახვის არეალი, რადგან ესაა ის გზა, რომლითაც საკუთარ თავს შეგვიძლია დავუახლოვდეთ“
Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე ამიკო ჯანელიძე აღნიშნავს, რომ ეს სივრცე მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება გურიის რეგიონში მცხოვრები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოჯახური ტრადიციებით გადმოცემული ცოდნით ბუნებრივ პროდუქციას ქმნიან. მათ საშუალება ეძლევათ, საკუთარი წვლილი კიდევ უფრო გაზარდონ და მათი ნაწარმი მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გაიცნოს:
„ჩვენი მხრიდან დიდი ხელშეწყობა ექნება ყველა საინტერესო სტარტაპს, რათა შექმნან ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელიც ადამიანებს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მოუტანს სარგებელს. გვჯერა, რომ ქართული სამკურნალო მცენარეების პოპულარიზაციით, ტრადიციული მეწარმეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ განსხვავებულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, კოლხეთის ტერიტორიაზე დასვენების გამოცდილება და, უბრალოდ, ხელი შევუწყოთ მათ, ვისაც ამ სამყაროში პოზიტიური წვლილის შეტანა სურს“

ჰეკატეს ბაღი თავის პირველ ვიზიტორებს 2026 წლის ზაფხულიდან შეხვდება. მანამდე კი ვიზიტორების ქურუმი ამ სამყაროში „ბაღის პოემა“ იქნება, რომელიც ცდილობს მსმენელს ის იმპულსი მისცეს, რომელიც თვითჩაღრმავებისა და ინტროსპექციის პროცესს შეუწყობს ხელს. ეს გამოცდილება კი განსაკუთრებით ღირებული გახდება იმ წამიდან, როცა ჰეკატეს ბაღში შეაბიჯებთ.