SG
[ ყველა ბლოგზე დაბრუნება ]

All Day I Dream - მოგზაურობა ბგერების სამყაროში

“ცალკეული მუსიკა და ჟღერადობა არ იმსახურებს ერთ სივრცეში გამოკეტვას, ზოგჯერ მას უფრო მეტი თავისუფლება სჭირდება. როდესაც წვეულება ღია ცის ქვეშ იმართება, გარემო მუსიკას ახალ შრეებს უმატებს. რა თქმა უნდა, მიყვარს კლუბებში დაკვრა, მაგრამ მზის ამოსვლისას ან ჩასვლისას დაკვრა და ამ პროცესის საუნდტრეკის შექმნა ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა.”
latest-blog-image
გააზიარეთ: Facebook

“ცალკეული მუსიკა და ჟღერადობა არ იმსახურებს ერთ სივრცეში გამოკეტვას, ზოგჯერ მას უფრო მეტი თავისუფლება სჭირდება. როდესაც წვეულება ღია ცის ქვეშ იმართება, გარემო მუსიკას ახალ შრეებს უმატებს. რა თქმა უნდა, მიყვარს კლუბებში დაკვრა, მაგრამ მზის ამოსვლისას ან ჩასვლისას დაკვრა და ამ პროცესის საუნდტრეკის შექმნა ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა.”

ღონისძიებების სერია All Day I Dream, Lee Burridge-ს მენტორობით 2011 წელს, ნიუ იორკში,  დახურული წვეულებების ფორმატში დაიწყო და მალევე საერთაშორისო ფენომენად იქცა. გამორჩეული ვიზუალური სტილის, საინტერესო სელექტორების და მრავალფეროვანი მუსიკალური პალიტრის დამსახურებით, All Day I Dream საფესტივალო კულტურის ნამდვილ მარგალიტად იქცა. ამიტომაც გასაკვირი არც არის, რომ Lee Burridge-მა ეს იდეა ერთი კონკრეტული ქალაქის ან ქვეყნის საზღვრებში არ დატოვა და გლობალური მუსიკალური ლანდშაფტის გამდიდრება დაიწყო.

“ჩემი მიზანი იყო, რომ მუსიკალურ ღონისძიებებში ახალი ელემენტებით გამემდიდრებინა და დეკორაციად მეტალის ნივთების ნაცვლად ბუნებრივი კომპონენტები შემომეტანა. ნიუ იორკის კლუბებში ბრუტალური ელემენტები ისედაც დომინირებდა და ამ მიდგომით მსურდა ბუნებრივი ბალანსი შემექმნა. “

blog-sponsor-image-mobile

ბალანსი

All Day I Dream-ის ერთი სიტყვით დასახასიათებლად ყველაზე სწორი ტერმინი ალბათ “ბალანსია”, რადგან საქმე გვაქვს ისეთ ფენომენთან, სადაც ხელოვნების რამდენიმე შრე ერთიანდება და ყველანაირ საზღვარს კვეთს. როდესაც Lee Burridge-ისა და მისი მეგობრების წვეულებაზე მიდიხარ, იცი, რომ მუსიკა, როგორც მთავარი სახელოვნებო ენა, მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ ყველაფერი აქ არ მთავრდება. შენ ემზადები უნიკალური გამოცდილებისთვის, რომელიც როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ გამოწვევებს გიმზადებს.

Lee Burridge პირველ რიგში დიჯეია, შემდეგ კი მუსიკალური პროდუსერი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აუდიტორიასთან ურთიერთობა ცოცხალ გარემოში ურჩევნია და არა სტუდიიდან, სადაც არტისტი ყოველთვის იზოლირებულია.

All Day I Dream-ის დაარსების გარდა, მისი სახელი მუსიკალურ რუკაზე ფესტივალ Burning Man-ზე დაკრული საკულტო სეტებით და Organic House სტილის განვითარების შედეგად მოინიშნა. წლებთან ერთად, მუსიკისა და ბუნების ურთიერთკავშირის ძიების პროცესში, ბრიტანელი მუსიკოსი თავისი თაობის ერთ-ერთ მთავარ მუსიკალურ ექსპერიმენტატორად იქცა.

მუსიკა ყველგან არის

“ბუნებრივი სამყარო თავისთავად მუსიკაა, უბრალოდ თვალი უნდა გაახილო. შენ შეგიძლია ხეები ინსტრუმენტად წარმოიდგინო ან უბრალოდ ჩიტების ჭიკჭიკს დაუგდო ყური. შეგიძლია ცისარტყელაზე ტოტებით დაუკრა.. მუსიკა ყველგან არის.”

ზედმეტი პათეტიკის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, როგორც თავად არტისტის, ასევე მისი წვეულებების სერიის მთავარი მუსიკალური ხაზი მელოდიურობასა და ემოციურობაზე გადის. ეს არ ნიშნავს, რომ მისი მუსიკა ზედმეტად დრამატიზებულია ან აბსტრაქტული იდეებით არის დამძიმებული. არა, ის ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს სიმსუბუქე და შექმნას ატმოსფერო, რომელსაც მსმენელი ბოლომდე მიენდობა. მუსიკა, როგორც შემეცნების და თვითგანვითარების გზა, Lee Burridge-სთვის შეუცვლელი კონცეპტია

“შეიძლება ყველა არ ფიქრობდეს, რომ რასაც მე ვაკეთებ უნიკალურია, მაგრამ ვცდილობ ჩემს შთაგონებას ბოლომდე მივყვე. აუცილებელია, რომ საკუთარ ნაჭუჭში არ დარჩე და მუდმივად ისწრაფო განვითარებისკენ.”

ამ იდეას საინტერესოდ ემსახურება სოციალური სივრცე - მულტიფუნქციური სივრცე შეკვეთილში, რომელიც All Day I Dream-ის ოჯახს 15 აგვისტოს უკვე მეოთხედ მასპინძლობს. ამ სივრცის მიზანია ადამიანებს დაეხმაროს შინაგანი ჰარმონიის პოვნაში, რომელიც სიმშვიდის და სტაბილურობის შეგრძნების მთავარი წინაპირობაა. 

ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგროვილი სხვადასხვა ტიპის ენერგიის პოზიტიური მიმართულების მიცემა ის მიზანია, რომელიც როგორც სოციალურ სივრცეს, ასევე All Day I Dream-ის ღონისძიებებს აერთიანებს.

შეკვეთილში Lee Burridge-ს გარდა Lost Desert, Super Flu, Pippi Ciez და Makebo-ს მოსმენა იქნება შესაძლებელი. Lost Desert ბელგიელი მუსიკოსის და დიჯეის, Patrick Bruyndonx-ის სასცენო ფსევდონიმია. მისი შემოქმედებითი საქმიანობა ზედმიწევნით იმეორებს იმ პრინციპებს, რომელიც All Day I Dream-ის მთავარ გასაღებს წარმოადგენს.

“შემდეგ უკვე ბელგიაში შევხვდით ერთმანეთს და მე ის სახლში დავპატიჟე, რათა მუსიკალურ იდეებზე ერთად გვემუშავა, რისი შედეგიც აღმოჩნდა  ‘Stand Up Right’ და ‘No Wicked For The Rest’-ის დემო ვერსიები.” - Lost Desert იხსენებს, რომ 2015 წელს დაწყებული თანამშრომლობა ძალიან ბუნებრივად განვითარდა და თავისი გზაც იპოვა. 2019 წელს არტისტებმა კოლაბორაციული ალბომი Melt გამოსცეს, ბოლო თანამშრომლობა კი ლეიბლის კომპილაციურ ალბომში Lost Desert & Friends III შედგა.

Super Flu კი Feliks Thielemann-ისა და Mathias Schwarz-ის დუო, რომელიც 2005 წლიდან, მელოდიური ტექნოსა და ჰაუსის ელემენტების შერწყმით ენერგიულ, ემოციურ და გამორჩეულ მუსიკალურ გამოცდილებას ქმნის. ისინი 2022–2023 წლებში დაუახლოვნენ Lee Burridge-ს და მათ რეგულარულად დაიწყეს ერთსა და იმავე ღონისძიებებზე გამოსვლა. Super Flu All Day I Dream-ის ხშირი სტუმარია.

საინტერესო ისტორია აქვს ასევე Pippi Ciez-ს, რომლის დებიუტიც 2020 წელს, All Day I Dream-ზე EP "Riziki"-ის სახით შედგა, რომელიც Idd Aziz-თან ერთად ჩაწერა. ეს რელიზი ლეიბლზე მოხვდა მას შემდეგ, რაც Lost Desert-მა მისი მუსიკა Lee Burridge-ს გააცნო. Pippi Ciez, All Day I Dream-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია ბოლო წლების განმავლობაში. მისი ჟღერადობა აფრო და ორგანული ჰაუსის ელემენტებს, ჰიპნოზურ რიტმებსა და ემოციურ მელოდიებს აერთიანებს - ქმნის გამოცდილებას, რომელიც ერთდროულად ენერგიული და სიღრმისეულია.

Makebo-სა და All Day I Dream-ის ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და ის ლეიბლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არტისტად ჩამოყალიბდა. 2019 წელს ის პირველად გამოჩნდა All Day I Dream-ის კომპილაციაზე A Winter Sampler-ში. Makebo ელექტრონულ მუსიკას კინემატოგრაფიულ ხასიათს სძენს. მისი შემოქმედება მრავალშრიანი ტექსტურებითა და მოულოდნელი მუსიკალური გარდაქმნებით, მსმენელს მუდმივ მოძრაობაში ამყოფებს.

სოციალური სივრცის ინიციატივით, All Day I Dream-ის საქართველოში ვიზიტი უკვე საინტერესო ტრადიციად იქცა, რაც მნიშვნელოვან ნიადაგს ქმნის როგორც ახალი მუსიკალური ექსპერიმენტებისთვის, ასევე საფესტივალო კულტურის განვითარებისთვისაც.

All Day I Dream

board-image-mobile