SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

მეფისნაცვლის სასახლე

gallery image
კავკასიის მეფისნაცვლის სასახლე XIX საუკუნის თბილისის ოფიციალური დანიშნულების შენობათა შორის გამორჩეული შენობაა და რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. ის მე-19 საუკუნეში გერმანელი არქიტექტორის, ოტო იაკობ სიმონსონის თაოსნობით შეიქმნა და ძველი სასახლე ჩაანაცვლა.


სასახლის მშენებლობის უმთავრესი ეტაპები თბილისში მოღვაწე გერმანელი ხუროთმოძღვრის, ოტო იაკობ სიმონსონს უკავშირდება. მისი მონაწილეობით, 1858-59 წლებში შენობის არასრული გადაკეთება მოხდა, 1865-69 წლებში კი - საფუძვლიანი რეკონსტრუქცია. სიმონსონმა საგრძნობლად გაზარდა მთავარმართებლის ძველი, ი. სემიონოვის მიერ 1845-47 წლებში აშენებული სასახლე და მას სრულიად ახლებური იერი მიანიჭა. დღეს ამ შენობაში თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ფუნქციონირებს. იცოდით თუ არა, რომ...

1. 1918 წლის 26 მაისს, 16:50 საათზე, სწორედ ამ შენობაში გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახლდათ. მან სხდომის წევრებსა და კანდიდატებს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ გააცნო, რომელიც ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.

2. 1941-დან 1991 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, შენობას „პიონერთა სასახლეს“ უწოდებდნენ (ოფიციალურად — „თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სახლი"). საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეროვნულმა სასახლემ მუშაობა სკოლისგარეშე განათლების ცენტრის სახით გააგრძელა. 2015 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა დააფუძნა „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, რომელიც აგრძელებს ისტორიას და იმავდროულად, თანამედროვე კულტურულ, სამეცნიერო, სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულების მქონე ორგანიზაციას წარმოადგენს.