SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

ვარძია

gallery image
კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. მისი უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მეტრზეა. ვარძიის ციხე-ქალაქი განლაგებულია იარუსებად 100 მ. სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3-დან 13-მდეა. მასში 600-ზე მეტი სათავსოა. აქ არის სატრაპეზოები, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები და მარნები.


ციხის მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III - მ და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ, რომელმაც მას თავდაპირველი სამხედრო ციხე-სიმაგრის დანიშნულება შეუცვალა და უზარმაზარ გამაგრებულ მონასტრად აქცია. ანსამბლი, ძირითადად, 1156 - 1203 წლებში შეიქმნა. 1551 წელს ვარძია აიღო და დაარბია ირანის შაჰმა, თამაზ I-მა. სპარსელებმა გაიტაცეს ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და მრავალი განძი. 1578 წელს ვარძია თურქებმა დაიპყრეს. იგი ისევ გაიძარცვა, ბერები კი - ნაწილი დახოცეს, ხოლო სხვები სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ და აქაურობა გაუკაცრიელდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვარძიაში ჯერ ტურისტული ბაზა, 1983წელს კი, მუზეუმი დაარსდა. რამდენიმე წელიწადში აქ ღვთისმსახურებაც განახლდა.

იცოდით თუ არა, რომ...

1. ვარძიის სახელდების წარმოშობის ლეგენდა, ალბათ, საქართველოში ყველამ იცის. ლეგენდის თანახმად, მეფე გიორგი III დიდებულებთან ერთად აქ სანადიროდ წამოსულა და თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ გახსენებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გზააბნეულმა თამარმა გამოქვაბულიდან სიხარულით შესძახა: „აქ ვარ, ძია!“. სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს „ვარძია“.

2. ვარძიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ლეგენდა გვიყვება შემდეგს: ვარძიის გამოკვეთა მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდესთან დაიწყეს. კლდე იფშვნებოდა და გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საღამოს, მშენებლებმა იარაღი იქვე კლდესთან დააწყვეს და დაღლილები სახლებში წავიდნენ. მეორე დილით სამუშაოდ მოვიდნენ, მაგრამ იარაღი ადგილზე აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ იარაღი ახლანდელ ვარძიის კლდესთან იპოვეს. გაკვირვებულნი უკან დაბრუნდნენ და განაგრძეს გამოქვაბულთა კვეთა. საღამოს იარაღი კვლავ იქვე მიატოვეს. მესამე დილით იგივე ამბავი განმეორდა. იარაღი ისევ ნაცნობ კლდესთან გადატანილი აღმოჩნდა. ისინი მიუხვდნენ ღმერთს სურვილს და ვარძია ამ კლდეში გამოკვეთეს.

3. კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში, თამარის ბრძანებით, 365 ოთახი იყო გამოკვეთილი — იმდენი, რამდენი დღეცაა წელიწადში. ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობაც ერთ წელიწადში დამთავრდა.

4. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. თამარის შემორჩენილი ოთხი პორტრეტიდან ესაა ყველაზე ადრეული, თამარის ახალგაზრდობის სურათი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. აქვეა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თორმეტი მოციქული, სახარების ციკლის სცენები და სხვა.