SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

უშგული და ჩაჟაში

gallery image
უშგული:
უშგული მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული თემია. ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა — მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2200 მეტრამდეა და ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს.
ჩაჟაში:
ჩაჟაში უშგულის თემის ერთ-ერთი სოფელია, რომელიც მუზეუმადაა ქცეული და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი. კომპლექსი აერთიანებს 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს, 11 ხალხურ საცხოვრებელსა და 1 ათეულზე მეტ დამხმარე ნაგებობას. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი სწორედ ჩაჟაშშია შემორჩენილი.


უშგული:
უშგულის ეტიმოლოგიას „უშიშარ გულს” უკავშირებენ. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ დასახლება, მინიმუმ, IX–X საუკუნეებში არსებობდა. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. აქაურებმა გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. უშგული, ბუნებრივი მდებარეობის გამო, მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში, რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს, გადასვლაც კი საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. 1987 წელს, დიდი ზვავის გამო, ადგილობრივი მაცხოვრებლები ეკომიგრანტებად იქცნენ. უშგულში დღეს, დაახლოებით, 2 ასეულამდე ადამიანი ცხოვრობს.

იცოდით თუ არა, რომ...

1. უშგული სვანეთის ერისთავთა, ფარჯანიან-ვარდანისძე-მარუშიანთა რეზიდენცია იყო.

2. ერთიანი სვანეთის დაშლის შემდეგ უშგული ე. წ. თავისუფალი სვანეთის ნაწილი იყო, მაგრამ უკანასკნელ დრომდე (1810) იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა რაჭასთან ერთად.

3. უშგულის თემმა თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი მოძალადე მოიგერია, მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი (XVII საუკუნის II ნახევარში), რომელიც ეკლესიაში — უშგულის ლამარიაში — მთელმა სოფელმა ერთად მოკლა.

4. უშგულში შემორჩენილია თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული სვანეთის ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრის (XII-XIII საუკუნეები) ნაშთები; საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო ნაგებობანი (მათ შორის, 37 კოშკი); ერისთავთა ხელისუფლების ნიშნები — სკიპტრა და სავარძელი.

ჩაჟაში:
ჩაჟაში თავდაცვითი არქიტექტურით გამოირჩევა. კომპლექსში შემონახულია X–XII საუკუნეების კოშკები, რომელთა ნაწილი თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა და ოჯახებს შორის სისხლის აღების ან სხვა კონფლიქტების დროს გამოიყენებოდა. სოფლის სამხრეთით, მთაზე დგას XII-XIII საუკუნეების ციხესიმაგრე, რომელიც უშგულის ოთხივე სოფელს გადაჰყურებს. გადმოცემის თანახმად, ეს თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო. სოფლის ახლოს, ასევე, დგას შუა საუკუნეების კოშკი, რომელსაც თამარ მეფის საზაფხულო კოშკს უწოდებენ. იცოდით თუ არა, რომ…

1. ჩაჟაში სვანურად ცხენების სადგომს ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, უშგულში ასული თამარ მეფე ცხენებს ამ სოფელში აჩერებდა.

2. ჩაჟაშში დგას XI-XII საუკუნეების ქვით ნაშენი ეკლესია, რომელსაც შემორტყმული აქვს გალავანი. ეკლესია მოხატულია, საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრების სცენა და მთავარანგელოზები, ჩრდილოეთ კედელზე — ჯვარცმა, ხარება, ღვთისმშობლის მიძინება, სამხრეთ კედელზე — ამაღლება, ფერისცვალება და ა.შ.