SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

უფლისციხე

gallery image
უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქ გორის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. უფლისციხე კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი იყო. ის სავაჭრო გზის პირას მდებარეობდა, ამიტომაც საუკუნეების განმავლობაში რელიგიურ თუ სავაჭრო კერას წარმოადგენდა. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.


ეს ანტიკური დასახლებაა, რომელიც ძვ. წ. I ათასწლეულით თარიღდება, თუმცა სახელი „უფლისციხე“ წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში გვხვდება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება. უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ადრინდელ ელინისტურ ხანაში მსხვილ საქალაქო ცენტრად იქცა. დროთა განმავლობაში, უფლისციხემ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა.

იცოდით თუ არა, რომ...

1. უფლისციხის კლდეში ნაკვეთ ანსამბლსა და მის გარშემო დაჯგუფებულ დასახლებებს განვითარების გრძელი გზა გაუვლიათ. კლდეში ნაკვეთი დასახლება ჯერ უფლისციხის მიდამოებში მცხოვრები თემების ჰეგემონი თემის საცხოვრისი გამხდარა, შემდეგ კი - "ზენა სოფლის" (შიდა ქართლის) ტომთა გაერთიანების ცენტრი, სადაც ამ გაერთიანების მეთაური (მამასახლისი), უფალი მჯდარა (აქედან სახელწოდება უფლისციხე).

2. უფლისციხის, როგორც სამხედრო სტრატეგიული პუნქტის არსებობა მონღოლთა შემოსევების პერიოდში, XIII საუკუნეში დასრულდა. შემდგომში მას ახლომდებარე რაიონის მოსახლეობა მხოლოდ დროებით შესახიზნად და დასამალად იყენებდა.

3. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული, რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი — ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს, ანუ ოქროს იღებდა.