უბისის მონასტერი

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი იმერეთში, სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. კომპლექსის მშენებლობას IX საუკუნეში საფუძველი ჩაუყარა ცნობილმა მწიგნობარმა და საეკლესიო მოღვაწემ, გრიგოლ ხანძთელმა. ტაძარი დარბაზული ტიპისაა.
უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევრებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორ ს. გორგაძის მოსაზრებით — რომელმაც 1911 წელს ინახულა ტაძარი —უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა IX საუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართო მასშტაბით მიმდინარეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა. ამ პროცესს სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. ხელოვნების ისტორიის მკვლევრის, რ. შმერლიგნის გამოკვლევითაც, უბისის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X საუკუნეების მიჯნაზე.
იცოდით თუ არა, რომ...
1. თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გაუმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი: „უბისს ავაგე საყდარი“.
2. მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები.
3. ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვები.
4. უბისის ფრესკებს შორის გამოირჩევა „უბისის წმინდა გიორგის ფრესკა“ და „საიდუმლო სერობა“.