წინანდლის სასახლე

წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი — ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი —მდებარეობს კახეთში, სოფელ წინანდალში. წინანდლის ჭავჭავაძეების სასახლის დღემდე შემონახული შენობა 1886 წელს აშენდა. წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა და 18 ჰექტარს იკავებს. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა. რაც შეეხება წინანდლის ღვინის საცავს - ის 1835 წელს აშენებული ერთ-ერთი პირველი მარანია საქართველოში, სადაც ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო.
წინანდალი საუკუნეების განმავლობაში ჭავჭავაძეების სამამულო მიწას წარმოადგენდა. XIX საუკუნეში ის ნამდვილ კულტურულ კერად იქცა, რომელსაც ქართველი და უცხოელი დიპლომატები და ხელოვანები რეგულარულად სტუმრობდნენ. 1854 წელს წინანდლის მამულებს შამილის რაზმი შემოესია. სასახლე დაარბიეს და გადაწვეს. ტყვედ აიყვანეს ჭავჭავაძეების ოჯახის წევრები და ნათესავები — სულ 24 ადამიანი. შამილმა, ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ, შვილის, ჯემალ-ედ–დინის გათავისუფლება და მილიონი მანეთი მოითხოვა. მოლაპარაკების შედეგად, თანხა 40 000–მდე შემცირდა. ოჯახის გამოსასყიდად, ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილმა, დავითმა წინანდალი დააგირავა და მოგვიანებით დაკარგა კიდეც.
იცოდით თუ არა, რომ...
1. 1886 წელს დავით ჭავჭავაძე იძულებული გახდა წინანდლის მამული გაეყიდა და ეს უკანასკნელი საუფლისწულო მამულების დეპარტამენტის მფლობელობაში გადავიდა. ამავე პერიოდიდან წინანდლის მამულების დიდი რეკონსტრუქცია იწყება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს სათავეში ცნობილი რუსი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი ჩაუდგა. 1887 წელს პარკის გადაკეთება შვედ ბოტანიკოსს, არნოლდ რეგელს დაუკვეთეს. ამგვარად წინანდლის ჭავჭავაძისეული მამული რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთდა.
2. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რომანოვების საზაფხულო რეზიდენცია გადაკეთდა ღვინის ქარხანასთან არსებულ სასტუმროდ; ხოლო 1946 წლიდან ქართველი პოეტის, გიორგი ლეონიძის თაოსნობით, გაიხსნა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი.