SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

მუხრანბატონის სასახლე

gallery image
ეს არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მდებარეობს. აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. სასახლე ეკუთვნოდა მდიდარ ქართველ მემამულეს, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტს, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონს. მუხრანბატონის სასახლეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.


მუხრანბატონის სასახლის მშენებლობა 1875 წელს დაიწყო და 12 წელს გაგრძელდა. სრულიად განსხვავებული ნაგებობის შთაგონების წყაროს აზიურ სტილთან შეხამებული ფრანგული არქიტექტურა და ვერსალის ბაღები წარმოადგენდა. სასახლე მალე გახდა პოლიტიკოსებისა თუ ხელოვანების შეკრების ადგილი. მას ხშირად სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძე, არტურ ლაისტი, ნიკო დადიანი, გიგო გაბაშვილი და სხვანი. სასახლე დღეს Château Mukhrani-ს სახელით ფუნქციონირებს და ძალიან პოპულარულია. ის სასახლესა და მარანს აერთიანებს.

იცოდით თუ არა, რომ...

1. 1876 წელს ივანე მუხრანბატონმა საფრანგეთიდან მოიწვია მეღვინეობის სპეციალისტები, დაიხმარა ქართველი მეღვინე ზ. ჯორჯაძე და მუხრანში ააგო ღვინის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპული წესის შესაბამისად აყენებდნენ. 1882 წელს ამ ქარხანაში დამზადებულმა ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო — სახელმწიფო გერბი. ღვინის ქარხანა სასახლეს გვირაბით უკავშირდებოდა.

2. მუხრანბატონის სასახლე თავდაპირველად გაულესავი წითელი აგურით იყო ნაშენი. მოგვიანებით, შენობა გაილესა და თეთრად შეიღება. XX საუკუნის 50-60-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში სასახლე ვარდისფრადაც იყო შეღებილი.