სხალთის ტაძარი

სხალთის მამათა მონასტრის კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა ნაგებობებს: ეკლესიას, მცირე ეკლესიას, მარანსა და სამარხებს. ძეგლი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში მდებარეობს. სხალთის მთავარი ტაძარი დიდი ზომის დარბაზული ნაგებობაა, რომელსაც სამხრეთი და დასავლეთი მხრიდან მიდგმული ჰქონდა კარიბჭეები. ამჟამად ერთი მათგანის მხოლოდ თაღოვანი შესასვლელია შემორჩენილი, მეორე კი, დიდი ხნის დანგრეულია. ტაძარს არაერთი შეკეთება-რესტავრაციის კვალი ეტყობა.
ძეგლის ასაკის განსაზღვრა მრავალმა მკვლევარმა სცადა. ისინი სხვადასხვა თარიღს ასახელებდნენ, თუმცა ტაძარი XII საუკუნის ძეგლია. მის ხუროთმოძღვრულ თავისებურებებთან ერთად, ამას ადასტურებს მისი მშენებელი ერისთავების, აბუსერისძეების იმდროინდელი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი. აბუსერიძეები სწორედ ამ დროს იდგნენ ასეთი ტაძრის აგებულების აუცილებლობის წინაშე.
იცოდით თუ არა, რომ...
1. სხალთის მთავარი ტაძრის სიგრძე 25 ნაბიჯს უდრის, სიგანე კი — 12 ნაბიჯს.
2. 1957, 1989 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ტაძარი კვლავ განახლდა, ხოლო 1990 წლიდან მოქმედი ეკლესიაა.
3. ხალხში დარჩენილი ლეგენდა სხალთის ეკლესიის აშენების შესახებ: ეკლესიის მშენებელი ოსტატი ისეთი გონიერი და დიდი ანგარიშის მცოდნე ყოფილა, რომ მას წინასწარ გამოუთვლია, რამდენი ცალი ქვა დასჭირდებოდა ამ ეკლესიის ასაგებად. ადგილზე ქვები მოჰქონდათ ხელიდან ხელში გადაცემით. როცა შენობის დამთავრებას ერთი ქვაღა აკლდა, აღმოჩნდა, რომ ქვების მარაგი გათავებულიყო. როცა ოსტატი მიხვდა, რომ შეცდა, სირცხვილს ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა.
4. კიდევ ერთი ლეგენდა: როცა აჭარას აღმოსავლეთით ურდოები შემოესივნენ, მაშინ თამარ მეფემ ხიხანის ციხეს შეაფარა თავი და იქიდან, მიწისქვეშა საიდუმლო გზით, სხალთის ეკლესიაში დადიოდა სალოცავად. როცა მტერმა მიაგნო მის გზას და შეპყრობას უპირებდა, თამარ მეფე მტერს არ ჩაბარდა და საწამლავი დალია.