შემოქმედის მონასტერი

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსია გურიის მხარეში, სოფელ შემოქმედში. კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას, სამრეკლოს, გალავანსა და გამოქვაბულს. ის საუკუნეთა განმავლობაში იყო გურიის მთავრების, გურიელების საგვარეულო სამარხი. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.
მარჯვენა, მაცხოვრის ტაძარი XII საუკუნისაა, მარცხენა — XVI საუკუნის ,,ზარზმა“, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო 1572 წელს, რათა იქ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერისცვალების ხატი. იგი დღემდე შემორჩენილ ქართულ ხატებს შორის უძველესია და 886 წლით თარიღდება. XVI საუკუნეშია აშენებული სამრეკლოც. რაც შეეხება გამოქვაბულს, აქ ადრე დაყუდებული ბერები ცხოვრობდნენ.
იცოდით თუ არა, რომ...
1. ვახტანგ II გურიელმა „ზარზმას“ 80 კომლი გლეხი აჩუქა.
2. მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულში შემოქმედში მოღვაწეობდა ეპისკოპოსი იაკობ დუმბაძე, რომელმაც 1687 წელს იმოგზაურა ევროპაში და შეხვდა რომის პაპ ინოკენტი XI-ს.
3. XIX საუკუნეში მონასტერი რამდენიმეჯერ გაიძარცვა. 1861 წელს მონასტერი მუსლიმმა აჭარლებმა გაძარცვეს და ძვირფასეულობა გაიტანეს, თუმცა გამტაცებლები შეიპყრეს და გატანილი ნივთების ნაწილი მონასტერში დააბრუნეს.
4. 1919 წელს შემოქმედი კიდევ ერთხელ გაიძარცვა. 30 მილიონ მანეთად ღირებული სიმდიდრე ჯერ ბათუმში, შემდეგ კი, ოსმალეთში გაიტანეს.