SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

ნოქალაქევი

gallery image
ნოქალაქევი, იგივე ციხეგოჯი, ან არქეოპოლისი სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა ამ ტერიტორიაზე ცხოვრების კვალი ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან იწყება. ნოქალაქევი უმნიშვნელოვანეს ქართულ ქალაქს წარმოადგენდა.


რომაელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები ქალაქს არქეოპოლისის სახელით იხსენიებენ, თუმცა უფრო ადრინდელ ქართულ ქრონიკებში მას ციხეგოჯს (ქუჯის ციხეს) უწოდებენ. ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის მიხედვით, ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის მეფე ფარნავაზს ვინმე ქუჯისთვის მიუცია ეგრისის და სვანეთის ერისთავობა, ქუჯის კი, აქ აუშენებია ციხეგოჯი. ციხეგოჯი IV-VIII საუკუნეებში ეგრისის სამეფოს დედაქალაქი იყო. აქ მოხდა არქეოპოლისის ბრძოლა. სპარსელებმა ციხეგოჯზე სამჯერ მიიტანეს იერიში და მხოლოდ მესამედ მოახერხეს მისი აღება, თუმცა ქალაქი მალევე ისევ ბიზანტიურ-ლაზურ ძალებს ჩაუვარდა. 737-738 წლებში ქალაქი მურვან ყრუმ გაანადგურა. ამის შემდეგ ციხეგოჯი დაკნინდა და მცირე სოფლად გადაიქცა. სოფელმა XVI საუკუნეში გაძლიერდა, როდესაც აქ სამეგრელოს მთავარმა სასახლე ააშენა. XVI-XVIII საუკუნეებში აქ ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია იყო.

იცოდით თუ არა, რომ...

1. ქალაქის ტერიტორია 19 ჰა ფართობს მოიცავდა და 3 კმ-ის სიგრძის გალავანი ერტყა გარს. იგი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა ქალაქი, შუა ციხე და ციტადელი.

2. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია სასახლეები, ქრისტიანული ტაძრები, აბანოები, წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები.

3. ქალაქს მდინარის მხარეს, სამხრეთით და დასავლეთით, სადაც ციცაბო კლდეებია, მხოლოდ ერთი კედელი გასდევს, მტრისთვის ადვილად მისადგომ აღმოსავლეთ მხარეს კი, პარალელურად, სამი კედელია განლაგებული. ნოქალაქევში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალაა გამოვლენილი.

4. ნოქალაქევის არქეოლოგიური შესწავლა 1930-1931 წლებში ქართველი ისტორიკოსის, ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით დაიწყო.

5. ნოქალაქევში გათხრილია ძვ. წ. IV-III საუკუნეების სასაფლაოც. მიცვალებულები იწვნენ ქვევრსამარხებში — ჩვეულებრივ, პირში ედოთ კოლხური თეთრი. ადგილობრივი და შემოტანილი კერამიკის გარდა, აღმოჩნდა ბრინჯაოს სამაჯურები, მძივები, მონეტები და სხვა. ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნია ხელოვნური იშვიათი ნიმუშები: ელინისტური კანთაროსი, შავლაქიანი კერამიკული სასმისი და ა.შ.