SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

ნიკორწმინდის ტაძარი

gallery image
ეროვნული ხუროთმოძღვრების ეს შედევრი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში. აგებულია 1010-1014 წლებში. ამ პერიოდში დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ, ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია, რაც იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.


რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის ბრძანებით, საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა. XI-XIII საუკუნეებში ნიკორწმინდა რაჭის ერისთავ კახაბერიძეთა საგვარეულო მონასტერს წარმოადგენდა. XIII საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოს მეფემ, დავით VI ნარინმა, ღალატის ბრალდებით, კახაბერიძეთა დინასტია ამოწყვიტა. ამით, ნიკორწმინდამ დაკარგა მფარველი და იგი საგრძნობლად დასუსტდა, თუმცა XVI საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მეფემ, ბაგრატ III-მ მზრუნველობა გამოიჩინა და ტაძარი განაახლა. XVI-XVII საუკუნეებში ნიკორწმინდა ადგილობრივი თავადების, წულუკიძეთა განსასვენებელს წარმოადგენდა.

იცოდით თუ არა, რომ...

1. ტაძარში არსებული რთული მხატვრობა XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება და გამოკვეთილია მხატვრობის ორი ფენა. მრავლადაა საერო პირთა პორტრეტები, რომელთაც თან ახლავს წარწერები.

2. 2012 წელს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს.