SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

მცხეთის ჯვრის მონასტერი

gallery image
მცხეთის აღმოსავლეთით, კლდოვანი მთის წვერზე აღმართულია VI საუკუნის დროინდელი ტაძარი, სადაც ქართული ასომთავრული დამწერლობის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშს შეხვდებით. მცხეთის ჯვრის მონასტერი შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში, ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც, მოგვიანებით, ქართველების გარდა, თაყვანს მთელი კავკასიის ქრისტიანებიც სცემდნენ. VI საუკუნის II ნახევარში ქართლის ერისმთავარმა, გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. იმავე საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში).

იცოდით თუ არა, რომ...

1. ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აგების დრო ქართველმა მეცნიერმა, გიორგი ჩუბინაშვილმა თავად ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა. საუკუნეთა განმავლობაში, მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი, დღემდე უკეთ მოაღწია.

2. ჯვრის მონასტერს სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 1924-1927 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1933-1939 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1963-1965 წლებში (ხელმძღვანელი: რუსუდან გვერდწითელი).

3. ჯვრის ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების დამაგვირგვინებელი და ყველაზე სრულად განმასახიერებელი ნამუშევარია. ის საფუძველს უყრის განვითარების მთელ საფეხურს: VII საუკუნეში იქმნება ანალოგიურ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რომელიც გეგმისა და საერთო აგებულების მხრივ, საკმაოდ უახლოვდება მცხეთის ჯვარს, მაგრამ, ბუნებრივია, კერძო თვისებებითა და დეტალებით, განსხვავდება კიდეც მისგან. ასეთებია: ატენის სიონი, ძველი შუამთა, მარტვილი.

4. გადმოცემის თანახმად, მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, არაგვის გაღმა, კლდის მაღალ მთაზე ერთი უცნაური ხე იდგა, რომელიც საოცარ სურნელს აფრქვევდა. ამ ხეს ხალხი სასწაულთმოქმედ ხეს ეძახდა, რადგანაც დაჭრილი ნადირი ან ფრინველი მის ფოთოლს თუ შეჭამდა, მაშინვე განიკურნებოდა. მირიან მეფის ძემ, რევიმ, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევითა და ერის თანხლებით, სასწაულთმოქმედი ხე მოაჭრევინა და მცხეთაში წამოაბრძანა, რომელიც სვეტიცხოვლის ხის სამხრეთის მხარეს აღმართეს. ამის შემდეგ ამ ხისგან სამი ხის ჯვარი დამზადდა. ერთი აღიმართა მცხეთის ჯვრის ტერიტორიაზე — იქ სადაც ქვის კვარცხლბეკი დგას ჯვრისთვის; მეორე — თხოთის მთაზე, იქ, სადაც მირიან მეფეს თვალთ დაუბნელდა და მესამე — უჯარმაში.

5. ქართული ასომთავრული დამწერლობის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ნიმუში სწორედ მცხეთის ჯვრის ტაძარზეა ამოკვეთილი; კერძოდ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის რელიეფებზე, ტაძრის შუაში აღმართულ ჯვრის კვარცხლბეკზე (კვარცხლბეკის შემორჩენილი ნაწილი, წარწერის ფრაგმენტითურთ, ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში), ტაძრის სამხრეთ – დასავლეთ კუთხის ოთახის შესასვლელის თავზე და კედლის ცალკეულ ფილებზე. ყველა წარწერა თანადროულია და მათში მოხსენიებული ისტორიული პირების, კერძოდ, სტეფანოზის ქართლში ერისმთავრობის დროის მიხედვით თარიღდება (VI-VII საუკუნეების მიჯნა).