მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

თბილისში, ავლაბარში, მეტეხის კლდეზე მდებარე ტაძარი, რომელიც XIII საუკუნეში მეფე დემეტრე თავდადებულმა ააშენა. ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანია და მისი კედლების წყობა კლასიკურ ქართულ ტრადიციებს ემყარება. ის დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი ტაძარია.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას ეკლესია ჯერ კიდევ VI საუკუნეში ააშენა ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალმა. დემეტრე თავდადებულმა ტაძარი ადრინდელი შენობის ნაშთზე ააგო, რამაც იმ დროისათვის უჩვეულო არქიტექტურული თავისებურებები განაპირობა. საუკუნეთა მანძილზე ტაძრის არქიტექტურამ ბევრი ცვლილება განიცადა.
იცოდით თუ არა, რომ...
1. ტაძრის სახელწოდება ეკლესიაში დასვენებული მეტეხის ღვთისმშობლის ხატს უნდა უკავშირდებოდეს. ისტორიულ წყაროებში ეს ტაძარი „მეტეხნის“ ან „მეტეხთას“ სახელით არის მოხსენიებული.
2. ტაძარს არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ოსთა მთავარმა, ბაყათარმა ვახტანგის გორგასლის და, სამი წლის ხვარამზე გაიტაცა. მეფემ მისი დახსნა გადაწყვიტა. მეფე მტკვრის გაღმა ელოდებოდა ბაყათარს. ბაყათარმა მას ფიცი ჩამოართვა: სანამ წყალს არ გამოვცდები, ისარი არ მესროლოო. ვახტანგმა ფიცი გატეხა და ბაყათარს ისარი ესროლა. რადგან მან ფიცი გატეხა, მონანიების მიზნით, ააგო ტაძარი მეტეხი, რაც ნიშნავს: „მე ვტეხე ფიცი”.
3. ქართველი ისტორიკოსის, ნიკო ჩუბინაშვილის აზრით, სიტყვა მეტეხი ბერძნული „მეტოქისაგან“ მოდის. ზოგი მკვლევრის აზრით, მეტეხი ძველქართულად ნიშნავს „არემარეს სასახლის ირგვლივ“.
4. „მეტეხი“ გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. თამარ მეფის ისტორიკოსის, ბასილის ცნობით, როცა მეფეს ქართველთა ლაშქარი 1195 წელს შამქორის ბრძოლაში გაუსტუმრებია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია.