SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

მარტვილის მონასტერი

gallery image
მარტვილში მდებარე ეს სამონასტრო კომპლექსი კონცხად გამოწეულ მთის თხემზე მდებარეობს. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. აქედან, თითქმის, მთელი იმერეთი და სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. ადრეული შუა საუკუნეების ამ ქრისტიანულ ტაძარში მოღვაწეობდა არაერთი ცნობილი მწიგნობარი და ინახებოდა არაერთი უნიკალური ხელნაწერი.


უხსოვარი დროიდან ეს ადგილი წარმართული რელიგიური ცენტრი იყო. მაღალ ბორცვზე იდგა მუხის უზარმაზარი ხე, რომელიც ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ წარმართულ სალოცავს წარმოადგენდა. ადგილობრივი მოსახლეობა მას თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები, კი ჩვილებსაც სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ აქ მდებარე მუხის ადგილას აშენებულა (თარიღი უცნობია) ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რომელმაც სამეგრელოში ქრისტიანობა იქადაგა. VII საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი, რომლის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს - მოჭრილ მუხის ფესვებს დაეფუძნა. თურქ-არაბთა შემოსევებმა იგი ძლიერ დააზიანა. X საუკუნეში აფხაზთა მეფე გიორგი II-მ ტაძარი აღადგინა. დღემდე ის ბევრჯერ გადაკეთდა და სახე იცვალა.

იცოდით თუ არა, რომ...

1 X საუკუნეში აქ მოღვაწეობდა ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი.

2 „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, ბაგრატ IV მარტვილის მონასტერშია დაკრძალული.

3 ადრე მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები.

4 მარტვილის მონასტრის იატაკზე აფენია ფილები, რომლებიც ძველი დროიდანაა შემორჩენილი. ტრაპეზი შესრულებულია XVIII საუკუნეში.

5 მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართულია სვეტად წოდებული შენობის ნანგრევები. სვეტის ქვედა ნაწილში იყო გასასვლელი, ზევით კი, სენაკი და ეკლესია. ისტორიკოსის ცნობით, XI საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდა მესვეტე. ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებში აქ იმყოფებოდა მეუდაბნოე.