მანგლისის სიონი

ეს ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი დაბა მანგლისში მდებარეობს. ქრისტიანული ტრადიცია მანგლისის სიონს რამდენიმე მნიშვნელოვან სიწმინდეს უკავშირებს, მათ შორის, უფლის სამსჭვალსა და წმინდა ჯვრის ნაწილებს. აქვეა დაბრძანებული იოანე მანგლელის თანმხლები სასწაულთმოქმედი ხატი — მანგლისის ღვთისმშობელი. გადმოცემის თანახმად, სამხრეთ შესასვლელის პირდაპირ მდებარე ქვის ჯვრის ქვეშ თევდორე კველთელის ნაწილები განისვენებს.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში - IV საუკუნის 30-იან წლებში აგებულა. ლეონტი მროველის თანახმად, კონსტანტინე დიდის მიერ მირიან მეფისათვის გამოგზავნილი ეპისკოპოსი იოანე, რომელსაც წმინდა რელიკვიები და უხვი განძეულობა მოჰქონდა საქართველოში ეკლესიათა ასაშენებლად, მცხეთაში ჩასვლამდე მანგლისში დაყოვნებულა, ტაძრის აშენება დაუწყია და ქრისტეს წმინდა ჯვრის ნაწილიც დაუტოვებია. VII საუკუნეში მანგლისი ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს შემოსევის დროს აოხრებულა და აქ დაცული სიწმინდეებიც გაუტაცებიათ. გიორგი I-ის (1014-1027 წ.წ.) მეფობის პერიოდში რადიკალურად შეიცვალა ტაძრის არქიტექტურა. მანგლისის სიონმა საბოლოო ცვლილებები XIX საუკუნის შუა ხანებში განიცადა.
იცოდით თუ არა, რომ...
1. ამ ტიპის ტაძრებს შორის მანგლისის სიონი უადრესი ნიმუშია, ამიტომ მისი დეტალები, არქიტექტურული თვალსაზრისით, ერთგვარ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს საქართველოში ამ ტიპის ხუროთმოძღვრების განვითარების თვალსაზრისით.
2. XIX საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ჯერ ლეკების თავდასხმებით, შემდეგ კი აღა-მაჰმად ხანის ლაშქრობის შედეგად დაზიანებული ტაძრის გაწმენდა და შეკეთება დაიწყეს, ტაძრის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი სამუდამოდ დაიკარგა, შიდა ხატწერა კი, განადგურდა.