ლიკანის სასახლე

ლიკანის სასახლე, იგივე რომანოვების სასახლე დიდი მთავრის, ნიკოლოზ რომანოვის საზაფხულო რეზიდენციაა, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს აშენდა. ის სოფელ ლიკანში მდებარეობს და ლიკანის ძირითად ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. სასახლეში დაცულია უნიკალური ისტორიული ექსპონატები.
ლიკანის სასახლე 1892-1895 წლებში არქიტექტორ ლ. ბენუას პროექტით (მშენებელი – თბილისელი არქიტექტორი ლ. ბილფელდი) აშენდა. ასიმეტრიული გეგმით აგებული სასახლე საგანგებოდ მოწყობილ ტერასაზეა განთავსებული. ერთმანეთისაგან განსხვავებული ფასადების მორთულობა იმდროინდელი არქიტექტურის ტენდენციებს ასახავს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ლიკანის სასახლე სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. წლების განმავლობაში მან ფუნქცია შეიცვალა.
იცოდით თუ არა, რომ...
1. 1898 წელს სასახლის გასანათებლად აშენდა ჰიდროელექტროსადგური, რომელიც პირველი იყო რუსეთის იმპერიაში.
2. ლიკანის სასახლეში დაცულ ისტორიული ექსპონატებს შორისაა: ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის ნაჩუქარი სავარძელი, რუსეთის იმპერატორის პეტრე I-ის ხელით კაკლის ხისაგან დამზადებული მაგიდა და რომანოვების დროინდელი ბილიარდის მაგიდა.