SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

კვეტერა

gallery image
კახეთში მდებარე ძველი, ისტორიული ციხე-ქალაქი, რომლის შემადგენლობაშიც შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა — გუმბათოვანი ეკლესია. კვეტერა წყაროებში პირველად კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III-ის (1010-1037) დროიდან არის მოხსენიებული, თუმცა ქართველი ისტორიკოსის, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო.


კვირიკე III-მ (1010-1037 წლები) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაჰყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვეტერის საერისთავო გახლდათ. კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წლები), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა, კვეტერის აღება ვერ შეძლო. საქალაქო ცხოვრების კვალი აქ XIII საუკუნიდან აღარ არსებობს და შემდეგ წყაროებშიც აღარ იხსენიება.

იცოდით თუ არა, რომ...

1. 1968 წელს არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა კვეტერაში, სადაც აღმოაჩინეს შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნაშთი, გაითხარა სასახლე, გაიწმინდა გუმბათოვანი ეკლესია, ციხის წყალსაცავი, მთავარი (დასავლეთის) კარიბჭე, რვაწახნაგა კოშკი, დადგინდა წყალსადენის ტრასა. დიდი რაოდენობით გამოვლინდა IX–XIII საუკუნეების დროინდელი მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭელი, მოჭიქული კრამიტი, ფაიანსის ნატეხები, მინის ჭურჭელი და სამაჯურები, სპილენძის მონეტა და სხვა.

2. 1968-1970 წლებში ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები: აღადგინეს და მოჭიქული კრამიტით გადახურეს გუმბათოვანი ეკლესია. აღდგენილ იქნა სასახლის დანგრეული ნაწილები.

3. 1987-1991 წლებში მიმდინარეობდა ძეგლის აღდგენა-კონსერვაცია, რომელიც ბოლომდე ვერ დასრულდა. 1991 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ძალებით, უხარისხოდ შეკეთდა ქვედა ციხის გალავნის ჩრდილოეთი კედელი.