SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

ქსნის ციხე

gallery image
შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში. ციხე დგას სარკინეთის მთაზე, სოფელ ციხისძირის მიდამოებში. ის კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს. აგებულია 1511-1514 წლებში.


ქსნის ციხე ააგო ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ძემ, ბაგრატმა, თავის ძმას, ქართლის მეფე დავით X-სა და კახეთის მეფე ავგიორგის შორის მიმდინარე ბრძოლების დროს. ის კარგად არის შერწყმული გარემოსთან, აქედან მოჩანს მდინარეების, მტკვრისა და ქსნის ხეობები. ქსნის ციხეს პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს და ამჟამად სანახევროდ დანგრეულია.

იცოდით თუ არა, რომ...

1. ციხის პირველი სამშენებლო ფენა (1511-1514 წწ.) მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები, მეორე ფენაში კი (1746 წ.), აგურიცაა გამოყენებული. პირველი სამშენებლო ფენიდან შემორჩენილია გალავნის კედლების ქვედა ნაწილი, ბურჯებისა და ორი კოშკის ნაშთი.

2. როცა ავგიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა — შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა — სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემია, აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგითა და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკან გაბრუნდა.

3. 1513 წელს ავგიორგი მეორედ შემოესია ქართლს. ბაგრატმა ის შეიპყრო და ქსნის ციხეში გამოამწყვდია, სადაც მალე სიცოცხლესაც გამოასალმეს.

4. 1746 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე კონსტანტინე მუხრანბატონმა თითქმის ხელახლა ააგო, რაზეც მოგვითხრობს ციხის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი კარგად შემონახული სამშენებლო წარწერა.

5. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ქსნის ციხეს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.