SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

ხერთვისის ციხე

gallery image
ხერთვისის ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა, რომელიც სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მაღალ კლდოვან მთაზე მდებარეობს. სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, ციხესიმაგრე ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.


1832 წელს შვეიცარიელმა გეოგრაფმა და მოგზაურმა, დიუბუა დე მონპერემ ციხის შესასვლელის თავზე მიაკვლია ვრცელ ასომთავრულ წარწერას, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივმა ფეოდალმა, აზნაურმა ზაქარიამ 1354 წელს დაიწყო და 1356 წელს დაასრულა კოშკისა და გალავნის აგება (ან აღდგენა). თუმცა, დადასტურებულია, რომ ამ ადგილას ცხოვრება საუკუნეებით ადრეც კი მიმდინარეობდა. XIX საუკუნიდან ხერთვისის ციხესიმაგრეს სამხედრო და ადმინისტრაციული მნიშვნელობა ისევ ჰქონდა, თუმცა მისი სტრატეგიული ღირებულება თანდათან იკლებდა.

იცოდით თუ არა, რომ...

1. მემატიანე ლეონტი მროველის ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს (ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის ვერსიას ისტორიული მეცნიერება არ იზიარებს).

2. 1570-იან წლებში ხერთვისის ციხე ხელში ოსმალებს ჩაუვარდათ. შემდგომში იგი ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი იყო. 1771 წელს ციხე მეფე ერეკლე II-მ დაიბრუნა, მაგრამ დროებით. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, 1828 წელს რუსეთის ჯარებმა ციხე ოსმალებისგან გაათავისუფლეს.

3. ხერთვისის ციხის დასავლეთ ნაწილში არსებული ეკლესია ძველი ეკლესიის ადგილზეა აგებული, რომელიც, თავის მხრივ, X საუკუნემდე უნდა აეგოთ.