კაცხის მონასტერი

კაცხის მონასტერი, იგივე მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში მდებარეობს. ის ცნობილმა ქართველმა ფეოდალებმა, ბაღვაშებმა X-XI საუკუნეების მიჯნაზე ააშენეს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება.
კაცხის ტაძარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესიასა და განსასვენებელს წარმოადგენდა. იგი აშენებულია ბაღვაშების მიერ X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ძირითადი ნაწილის შენება დაწყებულა მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარიდან განდევნილი რატი ბაღვაში X საუკუნის მიწურულს დასავლეთ საქართველოში, არგვეთის მამულში დაბრუნდა. მშენებლობა დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს — 1010–1014 წლებში.
იცოდით თუ არა, რომ...
1. დავით აღმაშენებლის მიერ ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხებისა და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. გადმოცემით, ის ორჯერ დამწვარა, მაგრამ, ისევ აღუდგენიათ.
2. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII–XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება გახდა. 1804 წელს, მეფე სოლომონ II-მ კაცხი უბოძა იმერეთში გადასულ სოლომონ ლიონიძეს — ერეკლე II-ის თანამებრძოლსა და ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს.
3. 1924 წელს საქართველოს საბჭოთა მთავრობამ გააუქმა კაცხის მონასტერი, რის შედეგადაც, ღვთისმსახურება დიდი ხნით შეწყდა და განახლდა მხოლოდ 1990 წელს, ტაძრის მოძღვრის, დეკანოზ ამირან მოდებაძის თაოსნობით.
4. გადმოცემით, კაცხის მონასტერს, რომელიც გადაწერის ერთ-ერთი ცენტრი იყო, მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონია. სხვა წიგნთა შორის, აქ ინახებოდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ შეწირული მათეს სახარების თარგმანი და ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი, ტყავზე გადაწერილი და მთლიანად მოკაზმული სახარება.