SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

გურჯაანის ყველაწმინდა

gallery image
VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი — გურჯაანის ყველაწმინდა ან ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — მდებარეობს კახეთში, ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე. ის ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარია საქართველოში. შენობას ჩატარებული აქვს ძირეული რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, რის გამოც, ბევრმა დეტალმა თავდაპირველი ფორმა და სახე დაკარგა.


1615 წელს, შაჰ-აბასის კახეთში ლაშქრობის დროს მრავალი სოფელი და მონასტერი აოხრდა, მათ შორის, ყველაწმინდას მონასტერიც, დაიხოცნენ ბერებიც. ამდენად, აქ ღვთისმსახურება შეწყდა. 200 წლის შემდეგ სასულიერო ცხოვრება აღდგა, თუმცა, დაახლოებით, 1845 წელს მონასტერი კვლავ დაცარიელდა. დღეს ის მამათა მოქმედი მონასტერია.

იცოდით თუ არა, რომ...

1. გურჯაანის ყველაწმინდას არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანი გვიყვება ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა. როცა კახეთს შაჰ-აბასის ჯარი შემოესია, მონასტრის წინამძღვარს სიზმარში ღვთისმშობელი გამოსცხადებია და რჩევა მიუცია, რომ მტრისგან დასაცავად ხატი ახლოს მდებარე წმინდა გიორგის ტაძრის კედელში დაემალა. შაჰ-აბასმა კახეთში მრავალი სოფელი და მონასტერი ააოხრა, ბერებიც ამოხოცა და არავინ დარჩა ცოცხალი, ვინც ხატის ადგილსამყოფელი იცოდა. დაიწყეს ღვთისმშობლის ხატის ძიება, მაგრამ უშედეგოდ. 200 წლის შემდეგ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სიზმრად იხილა ღვთისმშობელი, რომელმაც მას ხატის ადგილსამყოფელი აუწყა. ხატი იპოვეს და ყველაწმინდის ტაძარში გადმოიტანეს. თუმცა, XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც საქართველოში ბოლშევიკებმა ტაძრების ძარცვა-რბევა დაიწყეს, ხატი კვლავ დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია.