გრემი

ქართული ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი, რომელიც 1565 წელს კახთა მეფე ლევანმა ააგო, სოფელ გრემის სამხრეთით, მაღალ გორაკზე მდებარეობს. გრემის არქიტექტურული კომპლექსი მრავალფეროვანი ნაგებობებისგან შედგება: გუმბათოვანი მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, სამსართულიანი სასახლე-სამრეკლო, სამეურნეო ნაგებობები, გალავანი და მდინარისკენ საიდუმლო გასასვლელი.
გრემის, როგორც ქალაქის ისტორია XV საუკუნიდან იწყება, როცა იგი კახეთის პირველმა მეფემ, გიორგიმ (1466-1476 წწ.) კახეთის სამეფოს დედაქალაქად აქცია. ეს სტატუსი გრემმა ორი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა. აქ მიმდინარეობდა აქტიური მწიგნობრული საქმიანობა, აქ გადიოდა საქარავნო გზები. სწორედ ამიტომ იქცა იგი კახეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრად.
ადამიანის ნამოსახლარის კვალი აქ თავდაპირველად რკინის ხანაში, ხოლო მოგვიანებით, XIII-XIV საუკუნეებში ჩნდება. სავარაუდოა, რომ აქ იყო მცირე დასახლება, რომელიც XV საუკუნეში ქალაქად აქციეს. სრულიად ქართლ-კახეთის მსგავსად, გრემისთვისაც ურთულესი აღმოჩნდა XVII საუკუნეში შაჰ-აბასის ლაშქრობები.
იცოდით თუ არა, რომ...
1. ისტორიული გრემის კომპლექსი 1975 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალს წარმოადგენს.
2. გრემის სასახლის სამრეკლოში გამოფენილია ეთნოგრაფიული მასალა და გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების ნაწილი: ბრინჯაოს ხანის იარაღი, სამკაული, მცირე ზომის ცხოველთა ქანდაკებები, რკინის ცულები (XII-XIII სს.); კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები (XV ს.); შუა საუკუნეების საბრძოლო იარაღი (ზარბაზანი და მშვილდ-ისარი – XVI ს.).
3. მუზეუმში სულ დაცულია 2 056 ექსპონატი, გრემში აღმოჩენილი ნივთების ნაწილი კი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მუზეუმ-ნაკრძალში ასევე წარმოდგენილია ფერწერული ნამუშევრების სერია — მეფეთა პორტრეტები.