SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

გერგეთის სამება

gallery image
გერგეტის სამების ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. სამება ამ მხარეში უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).


ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ის აშენებული უნდა იყოს XIV საუკუნის 30-იან წლებში. სამშენებლო ქვა ორი კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფლიდან მოჰქონდათ. გერგეტის სამება და მასთან არსებული მონასტერი პირველად 1392 წელსაა მოხსენიებული. საქართველოს მეფე ბაგრატ V-მ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა. ეს ტრადიცია მომდევნო საუკუნეებშიც გაგრძელდა.

იცოდით თუ არა, რომ...

1. ქართველი მეცნიერის, თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით, ამ არეალებში ანდრია მოციქულმა იმოგზაურა და გერგეტში ჯვარი აღმართა. მის გარდა, გერგეტში ჯვარი აღმართა, ასევე, წმინდა ნინომ, რომელიც ამ ტერიტორიებზე იმყოფებოდა.

2. რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ ზეთის საღებავით გადახატა ტაძრის ინტერიერი.

3. 1966 წელს სოფელი გერგეტი დაბა ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა.

4. 2006 წელს კანკელის ნალესობის ქვეშ გამოჩნდა ტაძრის მხატვრობა, რომელიც XVI საუკუნით დათარიღდა. გამოჩნდა ღვთისმშობლის, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლისა და წმ. ნინოს გამოსახულებები.

5. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა ხევის უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა.