SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

გელათის კომპლექსი

gallery image
ეს ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. მდებარეობს ქალაქ ქუთაისთან ახლოს. დაარსებულია 1106 წელს, უდიდესი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის თაოსნობით, რომელიც მთავარ შესასვლელშია დაკრძალული. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად, XII-XIII საუკუნეების) შენობებიც.


XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია და მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას აღიარებდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა, გარდა მღვდლების კურთხევისა. გელათის მონასტერში მეფეს თავისი პირადი წარმომადგენელი ჰყავდა. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII საუკუნის II ნახევარსა და XV საუკუნეში, ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დასუსტების გამო, გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა.

იცოდით თუ არა, რომ...

1. გელათის მონასტერი ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალური სენიორია იყო. მის მფლობელობაში ვრცელი მიწა-წყალი შედიოდა. ადგილობრივი მეურნეობის წამყვანი დარგი მიწათმოქმედება გახლდათ, განვითარებული იყო მევენახეობა. ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.

2. ჯერ კიდევ XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე, ექვთიმე საყვარელიძე, გედეონ ლორთქიფანიძე, ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვები.

3. 1510 წლის 23 ნოემბერს გელათი იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა გადაწვა.

4. იმერეთის მეფეებმა, ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში მასშტაბური სამეურნეო და სამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს - კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს, ასევე შესწირეს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის „მეორედ აღმშენებელს“ უწოდებდნენ.

5. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.

6. XVIII საუკუნის დამლევს გელათის მონასტერი 42 სოფელს ფლობდა.

7. 1923 წელს გელათის მონასტერი დახურეს. ამჟამად იგი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალია.

8. გელათის მონასტერში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატიურებით შემკული ქართული ხელნაწერები, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ბევრი შესანიშნავი ნიმუში, მაგალითად — ხახულის ღვთისმშობლის ხატი.