დმანისის ნაქალაქარი

ისტორიული ქალაქი საქართველოში — მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში, მდ. მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან წარმოქმნილ კონცხზე. ნაქალაქარი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ქალაქი და ქალაქის გარეუბანი. სწორედ აქ აღმოაჩინეს ზეზვასა და მზიას სახელით ცნობილი ჰომინიდების უძველესი ნაშთები და შუა საუკუნეების ქალაქური სტრუქტურა.
აქ აღმოჩენილი ადამიანის ნაშთები ევროპაში ყველაზე ძველია და დაახლოებით, 1.8 მილიონი წლისაა. რაც შეეხება უშუალოდ საქალაქო ცხოვრებას, დმანისში ცხოვრებისა და დასახლების ეს ტიპი X საუკუნიდან განვითარდა. გაფურჩქვნის ხანაში დმანისი წარმოადგენდა მრავალეთნიკურ ქალაქს, სადაც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები და მუსლიმები. XIII საუკუნეში ქალაქს გააჩნდა საკუთარი ზარაფხანაც. დმანისი უმთავრესად სავაჭრო ქალაქი იყო. ქალაქი დმანისი აქტიური იყო XVI საუკუნემდე.
იცოდით თუ არა, რომ...
1. 1960 წლიდან დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე ოთარ ჯაფარიძის მიერ მიმდინარე შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევის საველე კვლევა-ძიების შედეგად ნელ-ნელა გამოვლინდა ადრეპალეოთური ხანის ზედავილაფრანკული ასაკის ფაუნის ნაშთები და ქვარგალზე დამზადებული პრიმიტიული ქვის იარაღები.
2. 1966 წელს დმანისის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს სპილოს ძვალი.
3. 1983 წელს აღმოაჩინეს იარაღები, რომლებიც მიანიშნებდნენ პალეოლითის ხანის ადამიანის არსებობაზე, რაც მოგვიანებით დადასტურდა.
4. „ზეზვა და მზია“ მიეკუთვნებიან ჰომო ერექტუსის განსხვავებულ სახეობას - ჰომო გეორკილუსს, რომელსაც დღევანდელი კვლევებით ახლო პარალელები მოეძებნება მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკისა და იავას ანთროპოლოგიურ მასალებში. მსგავსი აღმოჩენის შედეგად კავკასია ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან დმანისში მიკვლეული ჰომინიდების წარმომადგენელთა ნაშთებთან ერთად აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური თუ პალეონტოლოგიური მასალების გამო დმანისი პირველ ადგილს იკავებს ევრაზიის უძველეს ადამიანთა სადგომთა შორის.
5. ანალიზების საფუძველზე დადგინდა რომ დმანისელმა ადამიანმა აფრიკიდან ლევანტის დერეფნით მოაღწია კავკასიამდე, ე.ი ის არის კავკასიაში პირველი ჰომინიდის მიგრაციის ადრეული ტალღის წარმომადგენელი.