SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

დავით გარეჯის ლავრა

gallery image
დავითის ლავრა — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. დაარსებულია დავით გარეჯელის მიერ VI საუკუნის I ნახევარში. დავითის ლავრის არქიტექტურული ანსამბლი, მისი სამონასტრო მეურნეობა სხვადასხვა პერიოდის (VI-დან XVIII საუკუნემდე) ნაგებობათაგან შედგება.


თავდაპირველად დავითი, თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად, უდაბნოს უკაცრიელი მთების ერთი ნაპრალის პატარა ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა. მალე მის ირგვლივ თავი მოიყარა მრავალმა ბერმა; დაიწყო ახალი ქვაბ-სადგომებისა და სხვადასხვა დანიშნულების სათავსების კლდეში კვეთა. ასე დაედო საფუძველი იმ მონასტერს, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელწოდებით და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას. დავითის ლავრა XVIII საუკუნის მიწურულამდე მოქმედი მონასტერი იყო. XIX საუკუნეში მხოლოდ პილიგრიმთა მოსალოც ადგილად იქცა, ხოლო დღეს ისევ მოქმედია.

იცოდით თუ არა, რომ...

1. VI საუკუნეში რუსთავის ერისთავის, ბუბაქარის დახმარებით, კლდეში გამოკვეთეს ფერისცვალების ეკლესია, რომელიც შემდეგ დავითისა და ლუკიანეს განსასვენებელი გახდა.

2. 837–848 წლებში აქ მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი სასულიერო მოღვაწე ილარიონ ქართველი.

3. XVIII საუკუნეში დავითის ლავრაში სამონასტრო და სამშენებლო საქმიანობა კვლავ გააქტიურდა. ლავრას გალავანი შემოევლო, ლეკთა თარეშისაგან თავდასაცავად; აიგო მონასტერში შესასვლელი — თაღებით გახსნილი ნაგებობა — სამრეკლო. იქვე, კლდის თავზე, აღმართულია სათვალთვალო კოშკი.