ქსნის ერისთავის ციხე-დარბაზი

ახალგორში მდებარე ქსნის ერისთავების რეზიდენცია. არქიტექტურული ძეგლი აგებულია XVII საუკუნის პირველ ნახევარში. ციხე-დარბაზი მდებარეობს მაღალი მთის ფერდობზე. ცალკეული ნაგებობები ისეა განლაგებული, რომ ანსამბლი მთლიანად მდინარის ხეობისკენაა მიმართული. ის პერიოდულად ახლდებოდა, XIX საუკუნეში კი, საბოლოოდ იცვალა სახე.
თავდაპირველად საერისთავოს რეზიდენცია სხვაგან უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით კი, საერისთავოს გაძლიერებისა და გაფართოების პირობებში, მაღალ მთებში მომწყვდეული რეზიდენცია ქსნის ერისთავებს აღარ შეეფერებოდა. ამიტომაც, მათ აირჩიეს ახალი ადგილი —ახალგორის სახით.
ერთ-ერთი მემატიანის ცნობით, 1721 წელს შანშე ქსნის ერისთავს უნებართვოდ დაუტოვებია თბილისი და თავის სამფლობელოში წასულა. მეფემ იცოდა, რომ ქსნის ერისთავი განდგომაზე ფიქრობდა და დაუყოვნებლივ გაემგზავრა მის დასასჯელად. ერისთავის დამარცხების შემდეგ მეფის ჯარმა ახალგორის სასახლე დაწვა. ახალგორმა რეზიდენციის ფუნქცია საერისთავოს გაუქმებასთან ერთად — XVIII საუკუნის 70-იან წლებში დაასრულა.
იცოდით თუ არა, რომ...
1. რეზიდენციის თავდაპირველ კოშკთაგან ერთი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში იდგა, მეორე —ჩრდილოეთ კედლის შუაში. პირველი უკეთაა შენახული. ეს შვიდსართულიანი კოშკი გადახურული იყო ორქანობიანი სახურავით. კედლები აღჭურვილია სათოფურებით, სამეურნეო დანიშნულების ნიშებით, ბუხრებით და ა.შ. დანარჩენი სართულებისაგან განსხვავებით, მეექვსე სართულზე მოწყობილი იყო შვერილი აივანი.
2. XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე ციხე-დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მიუშენებიათ კოშკი, რომელიც, ძირითადად, საცხოვრებლად გამოიყენებოდა.
3. XVIII საუკუნის შუა ხანებში ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მიუშენებიათ მცირე ზომის კოშკი, რომლისგანაც ორი სართულია შემორჩენილი.
4. ქსნის ერისთავის ციხე-დარბაზს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.