SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

ბიჭვინთის ტაძარი

gallery image
X საუკუნის, ბიჭვინთის საეპისკოპოსოს ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, ბიჭვინთაში მდებარეობს და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ბიჭვინთის ტაძარი, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ძეგლები, ორგანულადაა ჩართული ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში, მაგრამ მისი გარეგნული სახე, საქართველოს სხვა ძეგლებისაგან განსხვავებით, გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს ბიზანტიურ შენობებთან.


ქართველი მეცნიერის, თეიმურაზ ბატონიშვილის გადმოცემით, ბიჭვინთის ეკლესიის ადგილას ადრე ივერიელთა მთავარი სალოცავი — ბოჩის ტაძარი იდგა. ბიჭვინთის ტაძარი შიგნიდან მოხატული იყო, მაგრამ XIX საუკუნის II ნახევარში იგი ერთიანად შელესეს, თეთრად შეღებეს და მოხატეს, რის გამოც ძველი მოხატულობა განადგურდა. 1966 წელს ტაძარს მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარეს. ბიჭვინთის ტაძარი არ არის მოქმედი. ეს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ტაძარი კი, საკონცერტო დარბაზად გამოიყენება.

იცოდით თუ არა, რომ...

1. ბიჭვინთის ტაძარი წარმოადგენს გეგმით წაგრძელებულ ჯვაროვან-გუმბათოვან ნაგებობას, რომელსაც დასავლეთით ნართექსი აქვს, ხოლო აღმოსავლეთით — 3 შვერილი აფსიდი. აღსანიშნავია, რომ ნართექსი საქართველოში იშვიათად გვხვდება, შვერილი აფსიდები კი ახასიათებს საქართველოს ადრინდელი პერიოდის ეკლესიებს, უფრო გვიან, დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, შავი ზღვის სანაპიროს ძეგლებს (თუმცა, აქა-იქ გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოშიც).

2. ნართექსის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩაშენებული პატარა, აფსიდიანი საძვალე, რომლის კედლებზე შემონახული მოხატულობა XVI საუკუნის II ნახევრით თარიღდება.

3. 1966 წლის სარესტავრაციო სამუშაოების დროს ტაძრის ინტერიერში აღმოჩნდა ძველი მოხატულობის მცირე ფრაგმენტები, რომლებიც საძვალის მოხატულობის თანადროულია.