SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

ალავერდის ტაძარი

gallery image
ალავერდი საკათედრო ტაძარი და მონასტერია, რომელიც კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდთან მდებარეობს. ის ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. მისი სიმაღლე, გუმბათიანად, 50 მეტრს აღემატება. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო.


ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. ამ პერიოდიდან ალავერდი საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია გახდა. ამავე საუკუნიდან იქცა ის კახეთის სამეფო სახლის განსასვენებლადაც. მტრებისა თუ მიწისძვრების გამო, ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა.

იცოდით თუ არა, რომ...

1. პირველი დიდი რესტავრაცია ალავერდს XV საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა. მთლიანად აღადგინეს გუმბათის ყელი და კედლების ცალკეული ნაწილები.

2. ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), სხვადასხვა დროის ნაგებობებია გაერთიანებული. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-XVII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. XVII საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, რომლის მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და ა.შ.