

ზღვისპირა შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ერთი ბაღია, სადაც ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
აქ მცენარე უბრალოდ მცენარე არ არის, ძველი ორნამენტი - მხოლოდ დეკორი, სამზარეულო და ბარი - მხოლოდ კერძები და სასმელები. თუ დეტალებს დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ თითოეული მათგანი ერთი ამბის ნაწილს გიყვება - ამბის, რომელიც ათი ათასობით წლის წინ, ძველ კოლხეთში დაიწყო და დღეს სრულიად თანამედროვე ფორმით გრძელდება.
ამ ამბის გასაღები ჰეკატეა - ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ღვთაება, მცენარეების, გზაგასაყრებისა და საიდუმლო ცოდნის მფარველი. კოლხურ მითოლოგიასთან მას მედეა აკავშირებს - აიეტის ასული, რომელსაც მცენარეების ძალისა და მათი გამოყენების განსაკუთრებული ცოდნა მიეწერებოდა.
სწორედ აქედან იწყება Hecate’s Garden-ის სამყაროც.

ამ სამყაროს აღმოსაჩენად, მითოლოგიის ცოდნა სულაც არ გჭირდება. ჯერ უბრალოდ ბაღში შედიხარ და პირველი, რასაც გრძნობ, ალბათ მცენარეების სიმრავლეა. ისინი ყველგან არიან - ბაღში, სათბურში, ინტერიერში, კერძებში, სასმელებში, არომატებში. თუმცა ეს მხოლოდ ესთეტიკური არჩევანი არ არის. მცენარეთა სამყარო ამ სივრცის ერთ-ერთი მთავარი ენაა.
ბაღში სეირნობისას, შეიძლება ბოსტანს გადააწყდე, სადაც სეზონური ბოსტნეული და მწვანილი იზრდება, მზესუმზირებს შორის გაიარო ან ყვითელი საზამთრო აღმოაჩინო და ნელ-ნელა ხვდები, რომ აქ ბუნება უბრალოდ ლამაზი ფონი არ არის, ის ამ ადგილის მთავარი მოქმედი გმირია.
შემდეგ სათბურის კარს აღებ - ჰეკატეს ბაღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი სათბურია.

შიგნით შესვლისას ხედავ მცენარეებს, ზრდის სხვადასხვა ეტაპზე და რამდენიმე წუთით, თითქოს ბაღის კულისებში ხვდები - იქ, სადაც ყველაფერი ჯერ იზრდება, იცვლება და თავის საბოლოო ფორმას ეძებს.

ამ სათბურს კიდევ ერთი თავისებურება აქვს - თუ რომელიმე მცენარე მოგეწონა, შეგიძლია შეიძინო და სახლში წაიღო. ამ ამბავში კი ჰეკატეს ბაღის ერთ-ერთი მთავარი იდეა იმალება: აქ მიღებული გამოცდილება სივრცის კართან არ უნდა დასრულდეს. მისმა ნაწილმა შეიძლება შენთან ერთად განაგრძოს ცხოვრება.
საბთურიდან გამოსული, ალბათ ბაღის ორანჟერეაში შეიხედები და ერთ მომენტში კოლხ მედეას სამუშაო მაგიდას აღმოაჩენ.
ის აქ წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც ცნობილი მითოლოგიური პერსონაჟი, არამედ როგორც ჰეკატეს ქურუმი, რომლის სამყაროც მცენარეებს, ცოდნასა და ბუნების საიდუმლოებებს უკავშირდება.


“2016 წელს, Black Sea Arena-ს დაარსების დღიდან, მისი მიზანი საქართველოში გასართობი ინდუსტრიის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მხარდაჭერა იყო იმ აქტივობებითა და პროექტებით, რომლებიც განტვირთვასა და შემეცნებას ეფუძნებოდა. შექმნის, მუშაობისა და განვითარების პროცესში, 2023 წელს, დაარსდა და ყველა არსებული ატრაქცია მოიცვა Starring Georgia-მ, რომლის ეკოსისტემაშიც ახლა უკვე 8 პროექტია. რა თქმა უნდა, ჰეკატეს ბაღიც ჩვენს პირვანდელ მიზანს ეხმიანება და ახალი თაობას კოლხურ ცოდნას გადასცემს, ბუნებასთან დაახლოებისა და მისი შეცნობის მეშვეობით. პროექტის მიზნის სისრულეში მოყვანით, საქართველო კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე - როგორც ქვეყანა, რომელსაც დედამიწის ერთ-ერთი უძველესი კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და მრავალშრიანი ისტორია აქვს.” - ამიკო ჯანელიძე, Starring Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი.

ჰეკატეს ბაღის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, თუ როგორ შეიძლება უძველეს კულტურას შეეხო ისე, რომ სივრცე წარსულის დეკორაციად არ გადაიქცეს? ამიტომ აქ კოლხეთი პირდაპირი რეკონსტრუქციის სახით თითქმის არსად გვხვდება. მისი კვალი უფრო დეტალებშია: ორნამენტებში, მასალებში, კერამიკაში, მცენარეებში, სიმბოლოებსა და ფორმებში.
“„ჰეკატეს ბაღის“ შექმნის იდეა ჩემთვის საქართველოს ფესვებთან დაბრუნების სურვილიდან გაჩნდა. მინდოდა შემექმნა თანამედროვე სივრცე, რომელიც საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის, ისტორიას განსხვავებული ფორმით მოყვებოდა. ამ ძიებამ ბუნებრივად მიმიყვანა კოლხურ სამყარომდე და კონკრეტულად მედეას ფიგურამდე,” - ციცი იაშვილი | Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების კრეატიული ხელმძღვანელი

სივრცის არქიტექტურა, ლანდშაფტი და ინტერიერი ერთიან თანამედროვე გარემოს ქმნის. ინტერიერის დიზაინზე ბელგიურმა სტუდია Sempre-მ იმუშავა, ხოლო პროექტისთვის ბევრი მასალა, ფაქტურა, ავეჯი, განათება, კერამიკა და მცენარე სპეციალურად შეირჩა.

შედეგად, ჰეკატეს ბაღი არ ცდილობს გითხრას, როგორი იყო კოლხეთი ათასობით წლის წინ. ის სხვა კითხვას სვამს: როგორი შეიძლება იყოს მისი თანამედროვე გამოხატულება დღეს?

თუ ბაღიდან ბართან გადაინაცვლებ, იგივე ამბავი სრულიად სხვა ფორმით გრძელდება.

Hecate’s Garden-ის მიქსოლოგიური ბარის მთავარი შთაგონებაც მცენარეთა სამყაროა. აქ მცენარე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ბაღში ნახე, შეიძლება უკვე კოქტეილის არომატში, ინგრედიენტში ან გარნირში შეგხვდეს.
ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ხვდები, რომ ჰეკატეს ბაღის სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს.
ბაღი, სათბური, ბარი, სამზარეულო და მაღაზია ერთი ისტორიის სხვადასხვა თავია. ერთი და იგივე იდეა ხან მიწაში იზრდება, ხან სურნელად იქცევა, ხან კი გემოდ.
იგივე ამბავი გრძელდება სამზარეულოშიც - ჰეკატეს ბაღის გამოცდილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი კერძებია.

აქაც მთავარი პრინციპი მხოლოდ „ადგილობრივი კერძების“ შექმნა არ ყოფილა. უფრო საინტერესო იყო ადგილობრივ პროდუქტებთან და დასავლეთ საქართველოს გასტრონომიულ მეხსიერებასთან თანამედროვე ფორმით მუშაობა.
ამიტომ მაგიდასთან ჯდომისას ბაღის ამბავი არ წყდება.
ის უბრალოდ სხვა შეგრძნებაზე გადადის.

სივრცეს თავისი ღვინის არჩევანიც აქვს, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი გურულ ღვინოს უჭირავს - კიდევ ერთი კავშირი იმ რეგიონთან, სადაც ჰეკატეს ბაღი შეიქმნა.

ყოველივე ამასთან ერთად, ჰეკატეს ბაღში ჩაის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გურული ჩაის ისტორია ისეთივე ძველია, როგორც ის მითები, რამაც “ჰეკატეს ბაღი” ამ მიწაზე ახლიდან აღმოაცენა. ლეგენდებისა და ძველი ტრადიციების უკვდავსაყოფად, ჰეკატეს ბაღში ქართული ჩაის ფოთლის მრავალსახეობა გვხვდება.

ბაღიდან გასვლამდე, კიდევ ერთი პატარა სამყარო გხვდება - კონცეპტუალური მაღაზია. ბევრი რამ, რაც სივრცეში სურნელის, მცენარის ან განწყობის სახით შეგხვდა, აქ უკვე ნივთად იქცევა.

შეგიძლია აირჩიო ჩაის სხვადასხვა ნაზავი, არომატული სანთელი ან ორგანული შემადგენლობის მქონე, ტანის ლოსიონი.
კონცეპტუალური მაღაზიის გამორჩეული ნაწილია, ციცი იაშვილის საავტორო წიგნი “Backstage | სცენის მიღმა ამბები”, სადაც სხვა დიდი პროექტის კულისებთან ერთად, ჰეკატეს ბაღის შექმნის ამბავია მოთხრობილი.
განსაკუთრებული ისტორია დილისა და საღამოს თაიგულებს აქვთ - ორი განსხვავებული განწყობა, რომელიც ბაღის გამოცდილების სახლში გაგრძელების კიდევ ერთი გზაა.
ამგვარად, სათბურიდან შეგიძლია ცოცხალი მცენარე წაიღო. მაღაზიიდან - მისი სურნელი. წიგნში კი შენი ჩანაწერი დატოვო. მისი ამბავი არასდროს მთავრდება და ალბათ, სწორედ ამიტომ, ჰეკატეს ბაღის ერთი სიტყვით განსაზღვრა ძალიან რთულია.

ეს არ არის მხოლოდ ბაღი. არც მხოლოდ რესტორანი, სათბური, ბარი, მაღაზია ან დიზაინ-სივრცე. ის უფრო თანამედროვე სამყაროა, რომლის საწყისი წერტილიც უძველესი კოლხური კულტურა და მცენარეთა ცოდნასთან დაკავშირებული მითებია.

…და სანამ წახვალ, შეგიძლია კიდევ ერთხელ მიხვიდე მედეას მაგიდასთან, გადაშალო მისი წიგნი და რამდენიმე სიტყვა დატოვო, რადგან ჰეკატეს ბაღში უძველესი ამბის ბოლო გვერდი ჯერ კიდევ არ დაწერილა…